კანდელაკი ბიძინა სიმონის ძე [7 (20). III. 1902, ქუთაისი, – 22. V. 1970, თბილისი], ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი მეცნ. კვლევები კოლოიდურ ქიმიაში. თსუის დამთავრების შემდეგ (1927), პ. მელიქიშვილის რეკომენდაციით, კ. გაიგზავნა გერმანიაში, სადაც ექსტერნად დაამთავრა გეტინგენის უნ-ტი; გუსტავ ტამანის (გერმანია) ლაბორატორიაში შესრულებული გამოკვლევების საფუძველზე 1929 დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოს. დოქტორის ხარისხი. კ-ის დისერტაციას მაღალი შეფასება მისცა კოლოიდური ქიმიის ერთერთმა ფუძემდებელმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა (1925) რიჰად ზიგმონდმა, რ-მაც იგი სამუშაოდ მიიწვია (1929–31) თავის ლაბორატორიაში. იქ კ. იკვლევდა ე. წ. უკულაბვის თვისებების მქონე კოლოიდურ სისტემებს მუდმივ ტემპ-რაზე.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1935-იდან გარდაცვალებამდე, კ. ხელმძღვანელობდა სპი-ის ფიზ. და კოლოიდური ქიმიის კათედრას. 1936–39 იყო პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის ინ-ტის დირექტორი, ამასთან აგრძელებდა მუშაობას კოლოიდური ქიმიის მნიშვნელოვან საკითხებზე. მაღალი სანდოობის ექსპერ. მასალის განზოგადებამ კ-ს საშუალება მისცა სრულფასოვნად განეხილა მრავალფაზიანი სისტემები, რითაც დაადგინა კოლოიდებში მიმდინარე პროცესების მექანიზმი, განამტკიცა მოსაზრებები მათი მიკროჰეტეროგენული სტრუქტურის შესახებ. მისი მეცნ. მოღვაწეობა ასევე დაკავშირებულია ტიქსოტროპული სტრუქტურის თვისებების კვლევასთან. დაადგინა ტიქსოტროპული მოვლენის (კოლოიდური სისტემების გალაბვის იზოთერმული შექცევადი პროცესი) კავშირი კოლოიდური ნაწილაკების მუხტთან, აჩვენა ელექტრული პოტენციალის გავლენა დალაბვის პროცესზე, შექმნა ლაბების ორიგინ. კლასიფიკაცია.
კ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იკვლევდა პრაქტ. მნიშვნელობის მთელ რიგ საკითხებს: შავი ჩაის ბიოქიმიას, ბალბის (ჰერანის) ზეთის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდებს და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.