კანდელაკი ზურაბ კონსტანტინეს ძე (დ. 25. II. 1941, თბილისი), რეჟისორი, მწერალი. 1965 დაამთავრა თბილ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1965–67 იყო სოხუმის დრამ. თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1967–73 – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის რეჟისორი, 1973-იდან რადიოთეატრის მთ. რეჟისორია. დადგმული აქვს 500- მდე რადიოსპექტაკლი, მ. შ. კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" (1968), ლ. ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" (1981), რ. გაბრიაძის "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი" (1982), ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" (1984), გ. დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" (2001), ე. მ. რემარკის "ტრიუმფალური თაღი" (2006), "ნასესხები სიცოცხლე" (2009), მაქს ფრიშის "ჰომო ფაბერი" (2016) და სხვ. რეჟისორია ტელესპექტაკლებისა: რ. ოტკალენ კოს "გამარჯობა, ჩვენო მამებო" (გადმოქართულებული ჯ. ნინუას მიერ, 1971), ვ. სპივაკის "ეს არ უნდა მომხდარიყო" (გადმოქართულებული თ. გოდერძიშვილის მიერ, 1973), ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები" (1976), გ. დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" (1978), "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება" (1979) და სხვ. განახორციელა რადიოდადგმები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში, აგრეთვე დადგა სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრში. მისი რადიოპიესები – "რეპეტიცია", "კურდღლები", "დაუმთავრებელი პიესა", "მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი" – სხვადასხვა დროს დაიდგა გერმანიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, სერბეთში, პოლონეთში. კ-მ შეადგინა რადიოპიესების ორი კრებული, გამოსცა მოთხრობების ("უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს", 1992) და პიესების ("სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო", 2012) კრებულები; რომანი "უძრავი ქარი" (2014). მიღებული აქვს რადიოდადგმების პირველი საკავშირო ფესტივალის (1990) და საერთაშ. ფესტივალ "ოსტანკინოს პრიზის" (1994) გრან-პრი; არის დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნების ფესტივალებისა (1992) და ბერლინის რადიოფესტივალის ("Prix Europe") ჟიურის სპეც. პრიზის მფლობელი (2005). დაჯილდოებულია ჟურნალისტთა საერთაშ. ფონდის პრიზით "ოქროს ფრთა" (2013). საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–92). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1995).
თ. კახიანი