კანდელაკი ირაკლი ისაკის ძე (27. IX. 1901, თელავი, – 22. VII. 1970, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1965). 1932 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია ვოკალის განხრით. 1932–36 მუშაობდა საქართვ. "სახკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ. 1937–70 იყო „თბილისის კინოსტუდიის" ქრონიკის სექტორისა და საქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიის წამყვანი რეჟისორი. გადაიღო საქართვ. საზ.-პოლიტ. და კულტ. ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენათა ამსახველი 200-ზე მეტი სიუჟეტი, 100-ზე მეტი დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმი, მ.შ. აღსანიშნავია: „აფხაზეთში" (1938), „თბილისი" (1939), „ბედნიერი თაობა" (1940), „შემოდგომა კახეთში", „აყვავებული აფხაზეთი" (ორივე – 1941), „ამიერკავკასიის ხალხთა ფიცი" (შ. ჩაგუნავასთან ერთად), „კავკასიის დასაცავად" (ორივე – 1942), „ჰიტლერული ავანტიურის დასასრული კავკასიაში", „საბჭოთა ჯარების დარტყმა ორჯონიკიძის მისადგომებთან" (ორივე – 1943), „ქართველები ირანში. ფერეიდანი" (1944), "საინგილო" (1945), „საუკუნის მეოთხედი" (1946), „შემოდგომა საქართველოში" (1947), „ოსეთის სამხედრო გზა" (1949), „საბჭოთა შამპანური" (1950), „სამხრეთ ოსეთი", „სამგორი" (ორივე – 1951), „ამბავი სოფელ ნატანებისა" (1954), „მზიურ მხარეში" (ფილმი კონცერტი, 1957), „უძველესი ქალაქის გაზაფხული", „ქალაქი ზეიმობს" (ორივე 1958), „მტკვრის კვალდაკვალ" (1959), „წლის დრონი საქართველოში" (1959), „საქართველოს სამხედრო გზაზე" (1960), „ქართული ფუტკარი" (დიდი პრიზი „ბროლის გლობუსი", მეფუტკრეობისადმი მიძღვნილი ფილმების საერთაშ. კინოფესტივალი, პრაღა), „სამგორის მიწაზე", „სიონის კაშხალი", „ორი ძეგლი" (ყველა – 1962), „ჩაძირული ქალაქის საუნჯენი. დიოსკურია" (1963), „იზმირის საერთაშორისო ბაზრობა", „მოგზაურობა წარსულში", „მოთხრობა კალმახზე" (სამივე – 1965), „აქართველოს მაღალმთიანი ტბები" (1966), „თბილისი და ყვავილები" (1967), „სხივური წყალსაღები", „თეირანის შთაბეჭდილებანი" (ორივე – 1968), „ისპაჰანი, შირაზი, პერსეპოლისი", „სურნელოვანი პლანტაციები" (ორივე – 1969) და სხვ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მ. კერესელიძე