კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე [14. V. 1883, სამტრედია, – 11. X. 1958, ლოზანა (შვეიცარია), დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე (საფრანგეთი)], ეკონომისტ-ფინანსისტი. ქართული პოლიტ. ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. მოწერილი აქვს ხელი „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე". XIX ს. 90-იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი კომერციული სასწავლებელი.
1909 კ-მა თბილისში გამოაქვეყნა პირველი წიგნი – „კოოპერაცია. თეორია, ისტორია და პრაქტიკა“; 1914 გამოიცა მისი მეორე წიგნი – „ანგარიშთა და საქმეთა წარმოება წვრილ კრედიტის საკოოპერაციო დაწესებულებაში". კ-ის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება.
1921 მარტში კ-მა დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით ეროვნ. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საფრანგეთს შეაფარა თავი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნ. და პოლიტ. მოღვაწეობას. იგი იყო საქართვ. პირველი მთავრობის არქივის შემნახველი სამთავრობო კომისიის წევრი, რადიო "თავისუფლების" ერთ-ერთი პირველი დიქტორი. 1935 პარიზში დაიბეჭდა კ-ის ფუნდამენტური მონოგრაფიის, "საქართველოს ეროვნული მეურნეობის" I ტომი, სადაც რესპუბლიკის სამეურნეო განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად განხილულია საქართვ. ბუნებრივი პირობები; მოცემულია ბუნებრივი კომპლექსის ცალკეული ელემენტების (რელიეფი, გეოლ. აგებულება, ჰავა, მდინარეები, ტბები, ნიადაგები, ფლორა, ფაუნა) დახასიათება მათი სამეურნეო მნიშვნელობის თვალსაზრისით. 1960, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, პარიზში გამოვიდა დასახელებული მონოგრაფიის II ტომი: "საქართველოს ეროვნული მეურნეობა. დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა". მონოგრაფიას ერთვის დასკვნა, ბოლოსიტყვაობა, ბიბლიოგრაფია და რეზიუმე ინგლ., გერმ. და ფრანგ. ენებზე.
კ. უცხოეთში ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. თანამშრომლობდა პერიოდულ ორგანოებთან – „ბრძოლა", „დამოუკიდებელი საქართველო", „ჩვენი დროშა" და სხვ. მასვე ეკუთვნის ფუნდამენტური ისტ.-პოლიტ. გამოკვლევა „ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე" (ინგლ. ენაზე, 1953, პარიზი; 2012 გამოიცა ქართ. ენაზე თბილისში), სადაც განხილულია საქართვ. ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი – 1921 წითელი არმიის მიერ საქართვ. ოკუპაცია, ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვება და მათი პოლიტ. მოღვაწეობა უცხოეთში.
„აღსანიშნავია კონსტანტინე კანდელაკის დიდი დამსახურება ქართველი ებრაელების გადარჩენაში ნაცისტური ოკუპაციის დროს საფრანგეთში: ის ადგენდა შესაბამის დოკუმენტებს გადახვეწილობაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებით, რის მეშვეობითაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებისაგან გადაარჩინა არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ერებთან მიკედლებული ებრაელებიც" (კ. ინასარიძე).
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 2, თბ., 1993.
ე. ლოლუა