ბაკურხევი

ბაკურხევი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), გუდამაყრის ქედის დას. კალთაზე, მდ. ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხ. შენაკადი) ზემო წელში, ზ. დ. 1840 მ, დუშეთიდან 56 კმ.

2014 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის.

ბ-ის ერთ-ერთი უბნის, საკერპოს, აღმ-ით, საგუბიაში არის ადრინდ. შუა საუკ. რამდენიმე ნამოსახლარი. ბ-ის დას-ით, ბურსაჭილო-ქვენა მთისკენ გადამავალი გზის მარცხნივ, კანჩხის მთის წვერზე, ადრინდ. შუა საუკ. პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. ძეგლი ნაგები ყოფილა კლდის ბრტყელი ქვითა და დუღაბის ხსნარით. ნანგრევებში მრავლადაა დამუშავებული შირიმის ქვაც. აფსიდი ღრმაა და ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისა. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. აფსიდის წინ, ნანგრევებში, ნაპოვნია დამუშავებული შირიმის ქვა, რ-საც შუაში ოთხკუთხა ფოსო აქვს ამოკვეთილი. როგორც ჩანს, ეს იყო ჯვრის აღსამართი კვარცხლბეკის ზედა ნაწილი. ეკლესიის გალავნიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ეკლესიის სამხრ-ით 10 – 12 მ-ზე 2 ქვასამარხის ნაშთია.

ი. წიკლაური