ბაკურიანი

ბაკურიანი, დაბა (1926-იდან) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (დაბები: ბ., ბაკურიანის ანდეზიტი; სოფლები: დიდი მიტარბი, თორი, პატარა მიტარბი, საკოჭავი). ბორჯომ – ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო პუნქტი. ზ. დ. 1700 მ, ბორჯომიდან 29 კმ, თბილისიდან 180 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2014).

ბ. გაშლილია ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რ-იც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. გარშემო ეკვრის წიწვოვანი, უმეტესად ნაძვნარით შემოსილი მთები. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალია. იცის ცივი, თოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა – 7,20C) და ხანგრძლივი გრილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 150C). ნალექების საშ. წლ. რაოდენობა 800 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 სთ აღემატება. ბ. სამთო-კლიმ. კურორტია. ძირითადი სამკურნ. ფაქტორებია მთის ჰავა, ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედ. ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა ქრონ. არატუბერკულოზური დაავადებები, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, სისხლნაკლებობა. მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს სხვადასხვა საკურორტო ობიექტი მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი.“ ბ-ში არის ფიზიკის ინ-ტის გ. ჩიქოვანის სახ. კოსმ. სხივების შემსწავლელი მაღალმთის სადგური, საჯარო და სამუსიკო სკოლები კულტ. სახლი ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი, მენადირეობის მეურნეობა. ბ. მნიშვნელოვანი სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბ-იდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია ბაგირგზები. აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. ტარდება შეჯიბრებები სათხილამურო სპორტში. დღეისთვის ბ-ში არის უამრავი გასართობი როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, ასევე რეკრიაციული ადგიილები –პარკი, ყინულის მოედანი, რესტორნები, და სუპერმარკეტები. მოქმედი სათხილამურო ტრასებია: დიდველი, ტატრა, მიტარბი, კოხტაგორა და 25-მეტრიანი სათხილამურო ტრასა დამწყებთათვის. მათი (საერთო სიგრძე 18 კმ). ბ-ში ყველაზე პოპულარული დიდველის ტრასაა, რ-ითაც სარგებლობენ როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები. მოქმედებს 3-საფეხურიანი საბაგირო – I დონეზე (2500 მ) ადიან საბაგირო კაბინებით, II – საწეველა სავარძლით, ხოლო III-ზე – ბუგელური საწეველათი. I და II დონის საერთო სიგრძე 3200 მ, ხოლო III დონის ჩათვლით – 4000 მ. II და III დონის ბილიკები განკუთვნილია გამოცდილი მოთხილამურეებისთვის. ღამით ტრასები განათებულია. 500 და 1800 მ სიგრძის, ტატრა ორსაფეხურიანი სასრიალო ტრასაა. გათვლილია როგორც მოყვარულთათვის, ასევე პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის. ტრასა ტყის ზოლში გადის. მუშაობს ორი სათხილამურო ბუგელური საწეველა. კოხტაგორასა და კოხტაგორა ორზე 2-საფეხურიანი ტრასები განლაგებულია 1770, 2155–2270 მ სიმაღლეზე, მისასვლელი საბაგირო გზების საერთო სიგრძეა 4,5 კმ. 4 საბაგირო გზა ბავშვებისთვისაა. ორივე ტრასასირთულის მიხედვით ორ ნაწილად იყოფა. წითელი და შავი ტრასა მდებარეობს მწვერვალზე, 52°-იანი დახრა აქვს და განკუთვნილია პროფესიონალ მოთხილამურეებისათვის. საშ. სირთულის ლურჯ ტრასებს (დახრა – 10–12°) იყენებენ დამწყები მოთხილამურეები და ბავშვები. 25- მეტრიანი მოკლე სასწავლო ტრასით სარგებლობენ ახალბედა მოთხილამურეები –მუშაობს ოთხი საბაგირო – ორი მათგანი ბუგელური ტიპისაა, ორი – სავარძლის ტიპის. ციგებისთვის ფუნქციონირებს სპეციალური საბაგირო.

2016 ბ-ში განახლდა კიდევ ერთი სასრიალო ტრასა – მიტარბი, სადაც დამონტაჟდა ღია 2- საფეხურიანი საწეველა. აღნიშნული სათხილამურო ტრასა (3,5 კმ) მოწესრიგდა პროფესიონალთა სარგებლობისთვის მაქსიმალური მწვერვალის სიმაღლე ზ. დ. –2300 მ.

ბ. მდებარეობს ისტ. თორში, სადგერის ხეობაში. ძვ. საქართველოში ბ. ერქვათ ისტ. პიროვნებებასაც, მაგ., VII – VIII სს. ქართლის დიდ ერისთავთა შორის იხსენიება ბაკურიანი ძე ბალდადისი. სწორედ აქედან მომდინარეობს გეოგრ. სახელწოდება. ბ-ის მიდამოებში დადასტურებული უძველესი არქეოლ. ძეგლები (საკოჭავი, ანდეზიტის კარიერები) ნეოლითის ეპოქის ბოლო პერიოდს განეკუთვნება. აქვეა შემდგომი ხანის არქეოლ. ნაშთები (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულამდე). ბ-ის ტერიტორიაზე, ახლანდ. ბოტან. ბაღსა და მის შემოგარენში, შემორჩენილია წინარეფეოდ. ხანის ნაგებობების ოთხკუთხა და ცილინდრული გეგმის კედლები ნაშთები. ფეოდ. ხანაში ბ-ის ტერიტორიაზე რამდენიმე ნასახლარი ყოფილა. თავის დროზე ეს ნასახლარები სავარაუდოდ საკუთარი სალოცავების მქონე ცალკე უბნებს წარმოადგენდა. ბ-ის დაწინაურება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ხელსაყრელ ადგილმდებარეობასთან. აქედან მიდიოდა გზა თრიალეთისაკენ, ჯავახეთისაკენ, სამცხის, არგვეთისა და ქართლისაკენ. ადრინდ. ფეოდ. ხანისაა მდ. ბაკურიანისწყლის მარცხ. ნაპირის ნასახლარი და გალავნიანი ეკლესიის ნაშთი, რ-საც „მონასტერს“ ეძახიან; ასევე ნასახლარი და ნაეკლესიარი ბ-იდან მიტარბისკენ მიმავალ გზისპირზე. ორივე ეკლესიის კედლის წყობა რეგულარულია, შემორჩენილია ქვაჯვართა სვეტი და ბაზა. უფრო მოგვიანო ხანისაა ნასახლარი და ღვთისმშობლის ნიში. ნასახლარი და სამების ნიში ნასახლარი და წმ. გიორგის ნიში, სადაც ახალი ეკლესიაც დგას (ახლანდ. ბოტანიკური ბაღი). ბ. ფეოდ. ხანაში ციხისჯვრის საციხისთავოში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს. ბოლო) მიხედვით – პეტრეს ლივაში, ქაშვეთის ანუ სადგურის რ-ნში შედიოდა. ამ დროს იგი მოსახლეობისაგან დაცლილი სოფელი ყოფილა.

დაბის დღევანდელი მოსახლ. XIX ს. II ნახევრიდანაა ჩასახლებული. 1960 დამუშავდა ბ-ის გენ. გეგმა (არქიტექტორები; ვ. კედია, გ. ბაქრაძე, რ. ხატიაშვილი, ფ. ქუფარაშვილი, გ. ჯაფარიძე). აშენდა ტურბაზა (არქიტ-ები; გ. ჯაფარიძე ფ. ქუფარაშვილი, რ. ხატიაშვილი, გ. ბაქრაძე), 1960 – 64. მიმდინარეობდა საერთაშ. ახალგაზრდული ბანაკის „მზიური ველის“ (პირველი რიგის მშენებლობა, (არქ-ები; ე. ბაგრატიონი, ვ. დავითაია, ვ. გოგიჩაიშვილი, გ. ბარაბაძე, გ. ქავთარაძე, კონსტრუქტორი ა. მახარობლიშვილი), სასტუმრო „ბაკურიანი“ (არქიტ-ები; ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე); მეორე რიგის მშენებლობა დასრულდა 1977; (არქიტ-ები; ვ. დავითაია, ა. ჩიქოვანი, ე. ბაგრატიონთან ერთად). 1986 დამტკიცდა „დიდი ბაკურიანის“ გენ. გეგმა (არქიტექტორები; ო. ჯაყელი, თ. ქავთარია, ლ. ლორთქიფანიძე, ვ. მიქელაძე, ვ. ქობულია), აშენდა პანსიონატები „გეოლოგი“, „მშენებელი“, „მთის ბროლი“, „მიონი“, სათხილამურო ბაზა, სასწ.-საწვრთნელი ბაზა ბაგირგზითურთ.

წყარო და ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი, თბ., 1985; გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941; მელქისეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938; ღამბაშიძე ო., ტატიშვილი თ., მასალები თორის წინაფეოდალური ხანის ისტორიული გეოგრაფიისათვის. «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1982, № 6; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963; Нодия М. Ю., Боржомская группа курортов и лечебных местностей, Тб., 1956.

დ. უკლება

დ. ბერძენიშვილი

ე. ბაგრატიონი

გ. უშვერიძე