კანდელაკი ნიკოლოზ პორფი­რეს ძე

ნ. კანდელაკი

კანდელაკი ნიკოლოზ პორფი­რეს ძე [5(17). X. 1889, სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 24. VIII. 1970, სოხუ­მი, დაკრძალულია თბილისში], მოქანდაკე, თანამედროვე ქართული ქან­და­კე­ბის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სა­ქართვ. სახ. მხატვა­რი (1957). ­პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინ-ტში სწავლის პერიოდში, დ. ­კაკაბაძის დახმარებით მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სახე­ლოს­ნოში. ქან­და­კე­ბის დარგში მუშა­ობა გვიან დაიწყო. 1922–25 სწავლობდა ლენინგრადის უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინ-ტში (ВХУТЕИН) ა. მატვეევის ხელმძღვა­ნელობით. 1926 სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტ. ცხოვრებაში. იმავე წელს თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიაში მიიწვიეს, სადაც 1926–70 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1944-იდან – პროფესორი). კ. განსაკუთრებით წარმატებით მუ­შა­ობ­და პორტრეტის დარგში. მან შექმნა ­ქართვ. მწერალთა, მეცნიერთა, მხატვართა, მსახიობთა, სამხ. და სა­ხელმწ. მოღვაწეთა პორტრეტების მთელი გალერეა. კ-ის შემოქმედებისათვის დამა­ხა­სიათებელია ხაზგასმული პლას­ტი­კურობა, თავშეკავებული დინა­მიკა, ძლიერი და განზოგადებული ფორმა, მოცულობის შესანიშნავი გრძნობა, სადა, ნათელი კომპო­ზიციები, მატერიალურობა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნახატს, ფორმის პლასტიკურობას იყენებ­და შინაგანი ხასიათის გასახსნელად. ადრინდ. პერიოდის ნა­მუშევრებიდან აღსანიშნავია ვ. ბე­რიძის (1935, თაბაშირი), ა. თო­იძის (1937, თაბაშირი), განსაკუთ­რებით გამორჩეულია ლ. გუდია­შვი­ლის პორტრეტი (პირველი ვარიანტი 1934; ბოლო – 1935, ქვა, შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმი) – კომპოზიციურად რთული, დინამიკური, ცოცხალი და მეტყველი, შინაგანი დრამატიზმით აღსავსე. შემდეგ ნამუშევრებში კ. გაურბოდა ასეთი მკვეთრი მოძრაობის გადმოცემას. საინტერესოდ გადაწყვიტა ა. ხორავას პორტრეტი (1948, ბრინჯაო – შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), რ-შიც მხატვრისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობით ნაჩვენებია მსახიობის განსაკუთრებული შინაგანი ძალა. ასევე დიდი პლასტ. და ფსიქოლ. ძალით განასახიერა იმერელი მაღაროელის (1938, ბრინჯაო), დ. არაყი­შვი­ლის (1939, თაბაშირი), შ. დადიანის (1941, ქვა), დ. ანდღულაძის (1941, თაბაშირი), ა. შანიძის (1942, თაბაშირი), ა. ალადა­შვი­ლის (1944, თაბაშირი), ა. კვანტა­ლიანის (1945, ბრინჯაო), საბჭ. კავშირის მარშალ თ. ტოლბუხინის (1947), გენ. ა. ანტონოვის (1950, თაბაშირი), ნ. ბერძენი­შვი­ლის (1952, ბრინჯაო), ნ. ვაჩნაძის (1952, თაბაშირი), ჰუგო ჰუპერტის (1953, ბრინჯაო), ნ. მუსხელი­შვი­ლის (1954, ბრინჯაო), კ. ილურიძის (1959, ბრინჯაო, ყველა – შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი) პორტრეტები. აგრეთვე აღსანიშნავია შიშველი ქალის ფიგურა (1949–50, თაბაშირი), კომპოზიცია "სიმშვიდე" (1959) და ფ. მახარაძის ძეგლი [1958, ბრინჯაო, ქ. მახარაძე (ახლანდ. ოზურგეთი)]. ღრმა ფსიქოლოგიზმითა და მაღალი ოსტატობით გამოირჩევა სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებული ნამუშევრები [ი. აბაშიძის (1968), პ. კაკაბაძის (1969) პორტრეტები და სხვ.]. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია კ-ის პედ. ღვაწლი, მან აღზარდა ­ქართვ. მოქანდაკეების არაერთი თაობა (თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, ე. მაჩაბელი, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენი­შვი­ლი, გ. ოჩიაური, ჯ. მიქატაძე, ბ. ციბაძე და სხვ.). მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში, მოსკოვის აღმ-ის ხალხთა ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: კ ვ ა ს ხ ვ ა ძ ე  შ., ნიკოლოზ კანდელაკი, თბ., 1961; შ ა ნ ი ძ ე  ლ., ქართული საბჭოთა ქანდაკება, თბ., 1975; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии. 1921–1970, М., 1975.

თ. გერსამია