თავართქილაძე ნიკოლოზ ტარიელის ძე (15. XI. 1905, სოფ. ქვენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 29. I. 1989, თბილისი), საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1942). 1927 დაამთავრა ქართ. გაერთიანებული სამხ. სკოლა, 1939 – მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკად. კურსები და დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხ. ოლქში ერთ-ერთი დივიზიის ოპერატიული ნაწილის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მეთაურობდა 76-ე მსროლელ დივიზიას (1942-იდან – 51-ე გვარდიის მსროლელი დივიზია), 1943–45 – 23-ე გვარდიის მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა სტალინგრადის, ორიოლ-კურსკის ბრძოლებში, იბრძოდა უკრაინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის. 1945-იდან იყო საჰაერო-სადესანტო კორპუსის მეთაური. 1954 დაამთავრა საბჭ. არმიის გენშტაბის აკად. კურსები. 1958-იდან თადარიგში იყო. თ. ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებისა და კინოსცენარების ავტორია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
თხზ.: იყო ასეთი დღეები, [წგ. 1–2], თბ., 1959–62; მრისხანე დღეები, თბ., 1975.
ტ. ჩინჩილაკაშვილი