თაბუკაშვილი რევაზ შალვას ძე (2. VIII. 1927, თბილისი, – 3. VIII. 1990, იქვე), მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). დაამთავრა მოსკ. საერთაშ. ურთიერთობათა ინ-ტი (1949). თ-ის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა XX ს. 40-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა საქართვ. თეატრების სცენებზე: „რას იტყვის ხალხი" (კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1956, რეჟ. ლ. იოსელიანი; 1975 – რეჟ. ლ. ნიკოლაძე; რუსთავის დრამ. თეატრი, 1976, რეჟ. ა. ქუთათელაძე), „დენბურგის ზარი" (რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1970, რეჟ. გ. ქავთარაძე), „დაბადება" (რუსთავის დრამ. თეატრი, 1977, რეჟ. ა. ქუთათელაძე) და სხვ. ქართ. დრამატურგიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თ-ის პიესა „ამხანაგი გიორგი", რ-იც გამოიცა 1971 (სათაურით "რაიკომის მდივანი" დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში 1953, რეჟ. ლ. იოსელიანი; რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში – 1972, რეჟ. რ. სტურუა). ამ პიესით ქართ. თეატრის სცენაზე პირველად გამოჩნდა ფუნქციონერის ტიპი, რ-ის სახესა და ნიღაბს შორის გაჩენილ საბედისწერო ბზარზე მოგვიანებით დაიწყეს საუბარი.
თ-მა დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის: „წარსული ზაფხული" (1959, რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია), „ჯვარცმული კუნძული" (1968, რეჟ. შ. მანაგაძე), „მზე შემოდგომისა" (1973, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან" (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), „რაც დავიწყებით არ იბინდება" (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), „ორაგულის ბედი" (1977, რეჟ. გ. ჭუბაბრია); აგრეთვე ლიბრეტოები ოპერებისათვის: „მინდია" (კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი), „ქაჯანა" (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი) და სხვ. თ-მა თარგმნა უ. შექსპირის სონეტები (1979 გამოიცა „სონეტების კრებული", 1988 – „100 სონეტი", ხოლო 2003 – „სონეტები"). 2013 გამოვიდა თ-ის წიგნი „სცენარები, ლექსები, გამოსვლები, დღიური, მოთხრობები, გახსენება".
თ-მა, როგორც სცენარისტმა და კინორეჟისორმა, გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „კვალი ნათელი" (1978; მიძღვნილი მ. თამარაშვილისადმი, რ-ის საფლავსაც თავად მიაკვლია); „ქართველები იტალიაში", „ალპური ვარსკვლავი" (1979); „ვიტორია სელა", „მთანი მაღალნი" (1980); „მიხეილ ხერგიანი" (1981); „პირველად იყო სიტყვა" (1982); „ფურცლები ფრანგული დღიურიდან" (1983); „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985; ეძღვნება ე. თაყაიშვილის ცხოვრებას); კინოდილოგია „ნაძარცვის კვალდაკვალ" (1986) და „შორეული სიახლოვე" (1987). ამ ფილმებში გამოიკვეთა მთხრობლის, ანუ თავად ავტორის პოზიცია, რ-იც მთლიანად გამოხატავს თ-ის ესთეტ. და ეთიკურ შეხედულებებს.
თ-ის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა მ. თამარაშვილის ნეშტი (1978), უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქ. ტერიტორიაზე არსებული ქართ. ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი); ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვ.
გ. გაჩეჩილაძე