ელიავა შალვა ზურაბის ძე

ელიავა შალვა ზურაბის ძე [18(30). IX. 1883, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 3. XII. 1937], რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მუშაკი. რსდმპ წევრი 1904-იდან. 1905–07 რევ. დროს ე. რევ. პროპაგანდას ეწეოდა დას. საქართველოს სოფლებში. 1911 დააპატიმრეს და ოლონეცის გუბერნიაში გადაასახლეს. გათავისუფლების შემდეგ, ისე როგორც ბევრმა ქართვ. ბოლშევიკმა, სამოღვაწეო ასპარეზად რუსეთი აირჩია, ვინაიდან ბოლშევიკური იდეოლოგია საქართველოში სათანადო ნიადაგსა და მხარდაჭერას ვერ პოულობდა. 1915 ე. დააპატიმრეს და გადაასახლეს თავდაპირველად ასტრახანის, შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში. 1917 თებ. რევ. შემდეგ იგი ვოლოგდის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავ-რე გახდა, შემდეგ კი – საგუბერნიო აღმასკომის თავ-რე და სასურსათო საქმეთა კომისარი. სრულიად რუსეთის საბჭოების IV საგანგებო ყრილობაზე აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკის წევრად. 1919, როგორც რკპ(ბ) ცკ-ის, რსფსრ სახკომსაბჭოსა და სრულიად რუს. ცაკის თურქესტანის საქმეთა კომისიის თავ-რე, აქტიურად იბრძოდა ამ მხარის რუსეთთან შესაერთებლად. 1920 დაინიშნა რსფსრ სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთსა და ირანში. 1920 წლის გაზაფხულზე დღის წესრიგში დადგა ამიერკავკ. დამოუკიდებელი რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ანუ ე. წ. გასაბჭოების საკითხი. ამ ამოცანის განხორციელებაში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ ძალად მიიჩნევდა მეხუთე კოლონას – ადგილობრივ ბოლშევიკებს. 1920-ის დამლევს ე. დაინიშნა მე-11 წითელი არმიის სამხ. რევ. საბჭოს წევრად, რ-საც გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიეყენებინა საქართველოსათვის. შულავერში ინსპირირებული აჯანყების შემდეგ ე. შევიდა იმ ჯგუფში, რ-იც თავს საქართვ. რევკომს უწოდებდა. საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წ. 21 თებერვლის სხდომაზე ე., ისე როგორც რევკომის სხვა წევრები, ქართვ. ხალხის მოღალატედ გამოაცხადა და იგი კანონგარეშე დააყენა. ე-მ აქტ. მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ოპერაციებში და დიდად შეუწყო ხელი საქართვ. ოკუპაციასა და ანექსიას. ე. მეთაურობდა რევკომის დელეგაციას, რ-მაც 1921 მარტში ქ. ქუთაისში ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის კანონიერ მთავრობასთან შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იყო საქართვ. ტერიტორიაზე თურქეთის მოსალოდნელი აგრესიის შემთხვევაში ერთობლივი საწინააღმდეგო მოქმედება. ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, 1921–23, ე. იყო საქ. სსრ სამხ.-საზღვაო საქმეთა კომისარი, 1923–27 – საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავ-რე. ამ პოსტებზე მუშაობის დროს მან დიდი როლი შეასრულა ამიერკავკ. ფედერაციის შექმნაში, როდესაც საქართველოს საბოლოოდ წაერთვა დამოუკიდებლობის მცირე ნასახიც კი. 1927–30 ე. ამიერკავკ. სფსრ სახკომსაბჭოს თავ-რე იყო. ე. აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნ. უმცირესობათა ე. წ. თვითგამორკვევის ბოლშევიკური ლოზუნგის რეალიზაციას, რ-მაც შემდგომში დიდი საფრთხე შეუქმნა საქართველოს მთლიანობას (მისმა უარყოფითმა როლმა განსაკუთრებით იჩინა თავი XX ს. 90-იან წლებში, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ). ე-მ სხვა ბოლშევიკებთან ერთად აშკარად დაუჭირა მხარი საკავშირო მთავრობის პოლიტიკას, რ-ის მეშვეობითაც საქართველომ დაკარგა თავისი ძირძველი მიწები. აგვისტოს აჯანყებისა (1924) და სხვა გამოსვლების დროს ე. განსაკუთრებით აქტიურობდა ქართვ. პატრიოტული ინტელიგენციის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში. 1931 სამუშაოდ ისევ რუსეთში გადაიყვანეს, თავდაპირველად სსრკ საგარეო ვაჭრობის (1931–35), შემდეგ მსუბუქი მრეწველობის (1936) სახ. კომისრის მოადგილედ. 1937 ე. თავად გახდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.

ლიტ.: თ ო ი ძ ე  ლ., შალვა ელიავა, თბ., 1965.