თოხაძე ნიკოლოზ

თოხაძე ნიკოლოზ (1901, თბილისი, – 1975, პარიზი), ოფიცერი, საფრანგეთის არმიის კოლონელი (პოლკოვნიკი). დაამთავრა სათავადაზნაურო გიმნაზია, 1920 – ქართვ. ოფიცერთა სამხ. სკოლა (იუნკერთა სასწავლებელი). იყო საქართველო-სომხეთის (1918 ნოემბრ.-დეკ.), 1921 რუსეთ-საქართველოს ომებისა და თურქებისაგან ბათუმის გათავისუფლების აქტ. მონაწილე. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ თავდაპირველად გადავიდა თურქეთში, შემდეგ – საფრანგეთში, სადაც 1925 დაამთავრა „სენ სირის" სამხ. აკადემია. გაამწესეს უცხოეთის ლეგიონში. 1934 მიენიჭა კაპიტნის, 1936 – მაიორის, 1958 კი – კოლონელის სამხ. წოდება.

II მსოფლიო ომის (1939–45) წლებში თ. ირიცხებოდა გენ. დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის" არმიაში. იყო ალჟირსა და მაროკოში ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ოპერაციის მონაწილე. 1941–46 მეთაურობდა ათასეულს ინდო-ჩინეთში, ხოლო 1948–52 – მადაგასკარზე; 1953–56 იყო ბრიგადის მეთაური მაროკოში. 1956-იდან რამდენიმე წლის განმავლობაში მეთაურობდა ვენსენის უცხ. ლეგიონის შტაბს. დიდი საბრძოლო დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საფრ. უმაღლესი სამხ. და სამოქალაქო ჯილდოები: საპატიო ლეგიონის სრული კავალრის წოდება და ორდენი, „დიდი კომანდორის" ოქროს ჯვარი, ღირსების ორდენი და სხვ.

XX ს. 60-იანი წლების დამდეგიდან, თადარიგში გასვლის შემდეგ, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში; არჩეული იყო ქართვ. იუნკერთა კავშირის გამგეობის უცვლელ წევრად, ერთხანს – თავმჯდომარედ. თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე  ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005.

ლ. ურუშაძე