თოფურია დანიელ (ნოდარ) არსენის ძე

თოფურია დანიელ (ნოდარ) არსენის ძე [1. X. 1929, სოფ. განათლებისკარი (ახლანდ. მაცხოვრისკარი), ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 5. IV. 1996, თბილისი], ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991), საქართვ. დამს. ეკონომისტი (1985). 1952 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. მუშაობდა დაღესტანსა და გალის რ-ნში სახელმწ. დაწესებულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1964–69 იყო უფრ. მეცნ. თანამშრომელი საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1978–86 – საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწ. საგეგმო კომიტეტის კვების მრეწველობის განყ-ბის უფროსი; 1969–96 პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას თსუ-ის პოლიტ. ეკონ. კათედრაზე. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „ეკონომიკის" რედაქციასთან.

1992 თ-მ დააარსა სოფ. განათლებისკარის განათლებისა და კულტ. აღორძინების საქველმოქმედო ფონდი, რ-იც ფულადი პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებდა სოფლის საუკეთესო პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს. თ-ს გარდაცვალების შემდეგ განათლებისკარის სკოლას მიენიჭა მისი სახელი.

თ-ის მეცნ. კვლევის სფერო იყო საზ. წარმოების ეფექტიანობისა და ინტენსიფიკაციის, საქართვ. აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონ. და მართვის ორგანიზაციის აქტუალური პრობლემები. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მ. შ. 3 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოსი.

თხზ.: ხილბოსტნეულის წარმოება-გადამუშავების კომპლექსის ეფექტიანობა, თბ., 1977; წარმოების ეფექტიანობის ეკონომიკური პრობლემები, თბ., 1978; ინტეგრაცია, ინტენსიფიკაცია, ეფექტიანობა – სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საფუძველი, თბ., 1988.