თოფურია დიმიტრი სოლომონის (სამსონის) ძე

 

თოფურია დიმიტრი სოლომონის (სამსონის) ძე (11. II. 1861, აბაშა, – 1934), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). 1877-იდან მსახურობდა ჯარში. 1879 დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78), რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომებში. 1910 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1914-მდე მსახურობდა ზაქათალის 164-ე ქვეითი პოლკის მეთაურის თანაშემწედ. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო (1914–18) ომში. იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1914–17 მეთაურობდა ჩებოქსარის 308-ე ქვეით პოლკს. 1918 დაბრუნდა საქართველოში. მსახურობდა ქართ. ჯარში. 1921, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დარჩა საქართველოში. 1924 აჯანყების დროს ხელმძღვანელობდა სამეგრელოს ეროვნ.-დემოკრ. ორგანიზაციას.

დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. გიორგის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: გ ო გ ი ტ ი ძ ე  მ., ბ ე ჟ ი ტ ა შ ვ ი ლ ი  გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; ზ ა ლ დ ა ს ტ ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ს., საქართველოს 1924 წლის ამბოხება, თბ., 1994; В о л к о в  С., Генералитет Российской Империи от Петра I до Николая II, т. 2, М., 2009.

მ. გოგიტიძე