თოფურია ირაკლი ივანეს ძე

თოფურია ირაკლი ივანეს ძე (12. II. 1923, თბილისი, – 4. II. 2006, იქვე), ექიმ-პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). 1944 დაამთავრა თსსი. არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მსახურობდა მოტომსროლელი ბატალიონის სანიტ. სამსახურის უფროსად. 1946-იდან მუშაობდა ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნ.კვლ. ინ-ტში. 1959–62 იყო ინ-ტის დირექტორი. თ. შეისწავლიდა ადამიანის პარაზიტული დაავადებებისა და ბრუცელოზის ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, კლინიკის, მკურნალობის, მათ წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკის აქტუალურ საკითხებს. მისი სამეცნ. მოღვაწეობის შედეგები ეფექტურად იყო დანერგილი სამედ. პრაქტიკაში, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში მალარიის ლიკვიდაციას და სხვა პარაზიტულ თუ ტროპ. სნეულებათა მკვეთრ შემცირებას. 1961–62 ვიეტნამში მივლინებით ყოფნის დროს ეწეოდა ანტიმალარიულ მუშაობას. იყო საქართვ. მეცნ. აკად. გეოგრაფიული საზ-ბის სამედ. გეოგრაფთა სექციის თავ-რე.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი.

თხზ.: მალარია საქართველოში, თბ., 1977; Изменения некоторых показателей крови и морфофункционального состояния желудка при смешанных гельминтозах человека, Материалы II Всесоюзного съезда паразитологов, K., 1983 (თანაავტ. Л. С. Курцикашвили).