ელიოზიშვილი მერაბ აბელის ძე (18. VI. 1934, ქ. ცხინვალი, – 4. I. 2012, თბილისი), მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1957). 1971–72 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" სცენარისტთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი. პირველი მოთხრობები: „უკანასკნელი კონწიალა", „პირველი და ოცდამეთერთმეტე დღე გვირაბში", „ბებერი მეზურნეები" გამოაქვეყნა 1958 (ჟურნ. „ცისკარი", N12), პირველი კრებული „მოლოდინი" – 1961. ავტორია მოთხრობების კრებულებისა: „ბებერი მეზურნეები", „სინოს წითელი ხარები" (1968, 2011), „წრებრუნვა" (1988), „მოგზაურობა და ხიფათი" (1990), „ანდერძი" (1992), „აღემართენით!" (1997). კრებულში „ძმანო კახელნო!" (1975) მოთხრობებთან ერთად შეტანილია პუბლიც. წერილებიც. ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: „დიდედები და შვილიშვილები" (1964; გადაღებულია ამავე სახელწ. ფილმი, 1969, რეჟ. ნ. მჭედლიძე), „კურდღლის სიზმარი" (1988) და სხვ. ე-ის ნაწარმოებები იდგმებოდა ქართ. თეატრების სცენებზე. თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში დაიდგა „ბებერი მეზურნეები" (1966, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი), „დილა მშვიდობისა, გოგო!" (იგივე „დათვები", 1970, რეჟ. ლ. იოსელიანი) და სხვ. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოფილმები – „თეთრი ქარავანი" (1964, რეჟისორები: ე. შენგელაია, თ. მელიავა; საქართველოს კომკავშირის პრემია, 1967), „დიდი მწვანე ველი" (1967, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), სატელევიზიო ფილმი „ბებერი მეზურნეები" (1973, რეჟ. ვ. კვაჭაძე). ე-ს შესრულებული აქვს სახასიათო როლები სხვადასხვა ფილმებში. მისი მოთხრობები თარგმნილია უცხ. ენებზე. 1994 მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია.
ე. 1995 დიაკვნად ეკურთხა ელიოზის სახელით. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: პიესები და კინოსცენარები, თბ., 1972; ბებერი მეზურნეები (მოთხრობები), თბ., 2010; მერაბ ელიოზიშვილი - 65, თბ., 2000; პიესები და კინოსცენარები, ორტომეული, თბ., 2024.