ელისაშვილი იზოლდა ივანეს ასული (17. IV. 1929, თბილისი, - 15. VII. 2016, იქვე), მსახიობი. საქართველოს სახ. არტისტი (1979). 1949 დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრ. სტუდია. 1950-იდან თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 60-მდე როლი, რ-თაგან აღსანიშნავია: ნიკო (გ. ბერძენიშვილის „ბედნიერებისაკენ"), კუწო (გ. ნახუცრიშვილის „კომბლე"), ეტიენი (ც. სოლოდარის „მარსელელი ბიჭები"), წითელქუდა (ე. შვარცის „წითელქუდა"), სოფიკო (გ. ნახუცრიშვილის „აჩაკუნე"), რემი (ა. ბონდის „გამომგონებლები"), ვოვკა (ს. მიხალკოვის „სომბრერო"), პეტია (მ. შატროვის „რევოლუციის სახელით"), პეტკა (ი. დიკის „პეტკა კოსმოსში"), ჯიმი (რ. სტივენსონის „განძთა კუნძული"), მანანა (გ. ქელბაქიანის „დედინაცვალი"), აცა (ქ. ჭილაშვილის „აცა-ბაცა") და სხვ. ე. ძირითადად „ინჟენიუ ტრავესტის" ამპლუის (პატარა ბიჭებისა და გოგონების როლები) მსახიობია. მისი განსახიერებული როლები გამოირჩევა გულწრფელობითა და მაღალი ოსტატობით.
შ. ცუცქირიძე