თორელი კახა გამრეკელის ძე (გ. დაახლ. 1177), XII ს. შუა წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი. საისტ. წყაროებში იხსენიება 1152–77 ამბებთან დაკავშირებით. თ. მოხსენიებულია საორბისის ეკლესიის (თეძმის ხეობა) 1152 წარწერაში, როგორც ტაძრის მაშენებელი და ამ მხარის მემამულე (ე. ი. თავისი ძირითადი საგვარეულო მამულის თორის გარდა ამ პერიოდში მას უკვე ჰქონია მამული თეძმის ხეობაშიც). თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1163 თ. გიორგი III-ს სომხ. (შირაქის) ცენტრის – ანისის – გამგებლად დაუნიშნავს. ამ ცნობაში ის იხსენიება როგორც „დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე".
1177 თ. თავისი შვილებით დემნა უფლისწულის ამბოხებას მიმხრობია, მაგრამ შემდეგ კვლავ მეფის მხარეს გადასულა. ამის შემდეგ თ. საისტ. წყაროებში აღარ იხსენიება.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Саорбисская церковь, «Христианский Восток», 1915, т. 4, в. 2; იხ. აგრ. სტ-თან თორელები.
ნ. შოშიაშვილი