ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1770–1844, თეირანი), პოლიტიკური მოღვაწე. ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17–18 წლისა მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს, სურდა იულონ ბატონიშვილის გამეფება. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღდგენისათვის. 1802–03 ომის დროს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუს მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.
1812 შემოდგომაზე ა. ბ. საქართველოში ჩამოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. დამარცხების შემდეგ გაიქცა დაღესტანში და 1818-მდე დაჰყო იქ. 1819-იდან კვლავ ირანში იყო. მონაწილეობდა რუს.-ირან. 1826–28 ომში. თავად-აზნაურთა 1832 შეთქმულების დროს განზრახული იყო მისი მოწვევა საქართვ. მეფედ. სიცოცხლის ბოლო წლები სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში, დაკრძალულია იქვე, სომხ. ეკლესიის ეზოში.
ლიტ.: ხ ა ნ თ ა ძ ე შ., მასალები ალექსანდრე ბატონიშვილის ბიოგრაფიისათვის, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 В; Ерицов А., Последний потомок грузинского парского дома, «Весь Кавказ», 1903, т. 1.
შ. ხანთაძე