არგვეთი, სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის მაღლობზე, მდ. ლაშურის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ბახიოთი, ირტავაზა, იცქისი, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი). ზ. დ. 600 მ, საჩხერიდან 7 კმ. 752 მცხ. (2014).
სოფელშია პ. იაშვილის და მ. მაჭავარიანის სახლ-მუზეუმები.
ა. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. სოფელში, მდ. ლაშურის მარცხ. ნაპირზე, 1963–64 არქეოლოგებმა გათხარეს (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი) ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ.) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკის შუაში წრიული მოყვანილობის კერები, მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშ. პრიმიტ. იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრისპირები, კერის თიხის მოდელი და სხვ. ბორცვი დასახლ. ყოფილა გვიანდ. ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები). აღმოჩენილია აგრეთვე I – III სს. ორმოსამარხები. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თიხის ხელადები, პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საყურეები, ფრინველისგამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რ-ზეც ფანტასტ. ცხოველებია გამოსახული და სხვ. აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდ. ხანის ციხე-დარბაზის, ეკლესიის, საცხოვრ. და სამეურნეო შენობების (მარცვლეულის შესანახი ხაროები, მარნები) ნაშთები. ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარია XIII ს. ა-ში შემონახულია აგრეთვე გვიანდ. ფეოდ. ხანის იცქისის ციხის ნაშთი.
ა-ში იყო შუა საუკ. ოქონის ეკლესია, რ-ის ადგილზე დღეს საშ. სკოლის შენობა დგას.
დ. სვანიძე
რ. აბრამიშვილი