არმაზი ქსნისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია სოფ. არმაზის (ახალგორის რ-ნი) მახლობლად, მდ. ლეხურის სათავეში, ისტ. შიდა ქართლში. ა. ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VII ს. II ნახ. – X ს. I ნახ.) ღირსშესანიშნავი ძეგლია. სამხრეთის ფასადზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერის თანახმად, ეკლესია აშენებულია 864. ა-ს, ისევე როგორც წირქოლის ეკლესიას, ქართ. ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიცია აქვს. ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგარ ბურჯზე ამოყვანილი გუმბათით. თავისებურებაა ის, რომ გუმბათის ყელი არა აქვს და ტრომპების მეშვეობით ზედ გუმბათქვეშა კვადრატს ეყრდნობა. გარედან იგი მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიას აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი და საკურთხევლის ორივე მხარეს განლაგებული, ცრუკამარით გადახურული, გეგმით მართკუთხა სათავსები აქვს. ეკლესიის კედლები ქვა-ყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა კონსტრ. დეტალები – შირიმისა. ეკლესია შიგნით შელესილია, გამოირჩევა სვეტისთავების მორთულობა. საკურთხეველი გამოყოფილია თლილი ქვის მოხდენილი, სვეტებზე დაყრდნობილი თაღებიანი კანკელით, რ-ზედაც შემონახულია ეკლესიისავე თანადროული მოხატულობა _ ერთ-ერთი უძველესი საქართველოში დღემდე მოღწეულ ნიმუშთაგან. ეს არის მოწითალო-აგურისფერი საღებავით შესრულებული წმინდანთა თავების გამოსახულებანი და ჯვრები. წითელი საღებავის ფრაგმენტები ცალკეული დეკორ. ელემენტების სახით ფასადებზეც შეინიშნება. X ს-ში ეკლესიას სამხრ-იდან და დას-იდან მიაშენეს გარსშემოსავლელი.
ლიტ.: М е п и с а ш в и л и Р., Ц и н ц а д з е В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шидакартли, Тб., 1975; Чубинашвили Г., Архитектурные памятники VIII и IX вв. в Ксанском ущелье, Тб., 1936; მისივე, Вопросы истории искусства. Иследования и заметки, т. 1, Тб., 1970.
რ. მეფისაშვილი
ვ. ცინცაძე