ბაგინი

ბაგინი, XVI – XVII სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. აღმართულია ისტ. სოფ. ბაგინის განაპირას, ქსნის ხეობაში (ახალგორის მუნიციპალიტეტი), შიდა ქართლში. დასაზვერი კოშკი, რ-ის თავისებურებას შეადგენს ის, რომ გეგმით სწორკუთხა ნაგებობას შესასვლელები ჩრდ. მხრიდან აქვს, ერთი მიწის დონეზე, მეორე ‒ მეორე სართულის დონეზე. საყურადღებოა, რომ ასეთ კოშკებს შესასვლელს, როგორც წესი, მეორე სართულის დონეზე უკეთებდნენ, პირველი კი ყრუ იყო. დღეისათვის კოშკს თავი მონგრეული აქვს, ჩაშლილია სართულებშუა გადახურვაც. ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული. მეოთხე სართულის ყოველ კედელში თითო სალოდეა, რ-ებიც შიგნით ღრმა ნიშებშია ჩასმული, გარედან კი სწორკუთხა შვერილს წარმოადგენს. კოშკის ფასადები შემოსილია თლილი ქვით და მიმზიდველად გამოიყურება. ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.

პ. ზაქარაია