ბაზი

ბაზი (Bombus), ბუდის მშენებელი საზოგადოებრივი მწერების გვარი ფუტკრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 3,5 სმ აღწევს. დაფარული არიან ხშირი, სხვადასხვა ფერის (შავი, თეთრი, წითური, ყვითელი) ზოლებად განლაგებული ბუსუსებით. ცხოვრობენ ოჯახებად, რ-ებშიც ჩვეულებრივ დაახლ. 50–100 ინდივიდია. ოჯახი შედგება ბუდის დამაარსებელი დედლისაგან, მამლებისა და უნაყოფო დედლების – მუშა ინდივიდებისაგან. დედლები და მამლები უფრო დიდი ზომისანი არიან, ვიდრე მუშა ინდივიდები. შემოდგომაზე განაყოფიერებული დედალი გამოზამთრების შემდეგ, გაზაფხულზე, ბუდეს აგებს მიწაში ან მიწის ზედაპირზე უწესრიგოდ შეერთებული ფიჭების სახით, რ-შიც აგროვებს საკვებს – ყვავილის მტვერსა და ნექტარს. დედალი დებს პირველი ჯგუფის კვერცხებს, საიდანაც 22–23 დღის შემდეგ იჩეკებიან მუშა ფუტკრები. ისინი აფართოებენ ბუდეს, აგროვებენ საკვებს, ათბობენ მატლებსა და ჭუპრებს, იცავენ მათ. დედალი აგრძელებს კვერცხის დებას, საიდანაც კვლავ მუშა ფუტკრები იჩეკებიან. ზაფხულის ბოლოს კი (ივლისის II ნახ. და აგვ.) ოჯახში ჩნდებიან მამლები და ახალგაზრდა დედლები, რ-ებიც ტოვებენ ბუდეს. შემოდგომაზე მამლები, მუშა ინდივიდები, ბუდის დამაარსებელი დედლები იღუპებიან, ხოლო ახალგაზრდა განაყოფიერებული დედლები იზამთრებენ. გამოზამთრებული დედალი გაზაფხულზე ქმნის ახ. ოჯახს (ბუდეს).

ბ. ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, უმეტესად ზომიერ და ცივ სარტყლებში. ერთეულებად გვხვდებიან სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთებში. არ გვხვდება სამხრ. და ცენტრ. აფრიკაში.

ბ. საქართველოში გავრცელებულია კავკასიონზე და სამხრ. მთიანეთში. მცირე რაოდენობით – სუბტროპ. და ველების ზონაში. განსაკუთრებით ბევრია მთის მდელოებზე, მთის ტყისპირებსა და მთისწინებზე. საქართველოში დადგენილია 34 სახეობა, აქედან „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილია 9 სახეობა, რ-თაგან აღსანიშნავია ბერძნული ბაზი, ცრუ ბაზი, თიხნარის ბაზი, ირანული ბაზი. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული Bombus lucorum, B. soroeensis, B. hortorum.

ბ-ები სასარგებლო მწერებია. ისინი არიან ველური და კულტურული მცენარეების (ტუჩოსნები, რთულყვავილოვანნი, ლაშქარასებრნი, ვარდისებრნი, პარკოსნები, შავწამალასებრნი, ტირიფისნაირნი და სხვ.) ეფექტური დამმტვერიანებლები.