დუხობორები

დუხობორები (რუს. духоборы – სულისათვის მებრძოლნი), უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა XVIII ს. II ნახევარში ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დამაარსებლები: ს. კოლესნიკოვი და ი. პობიროხინი.

მათი მოძღვრების საფუძველი იყო ბრძოლა სულსა და სხეულს, ანუ სიკეთესა და ბოროტებას შორის. დ. უარყოფენ საღვთო წერილს, ქრისტ. საიდუმლოებებს, ბავშვების მონათვლას, ჯვრისწერისა და დაკრძალვის განსაკუთრებულ წესებს, სახელმწ. ხელისუფლებას.

მათი აზრით, ღვთაებრივი სამება განუყოფელია, ხოლო იესო ქრისტე არის ღვთიური გონი, რ-იც სახლობს ხან ერთ, ხან მეორე რჩეულ ადამიანში და მემკვიდრეობით გადადის. დ. ქადაგებენ ქონების ერთობას, თანასწორუფლებიანობას, სულიერ თავისუფლებას, კოლექტიურ მეურნეობას. დ. აქტიურად ეხმიანებოდნენ ლ. ტოლსტოის იდეებს და მუდამ გრძნობდნენ მის მხარდაჭერას.

რუს. მართლმადიდებელ ეკლესიასთან უთანხმოების მიზეზით ხელისუფლებამ დ. 1804 მელიტოპოლის მაზრაში გადაასახლა, ხოლო 1841 – ამიერკავკასიაში, ძირითადად ახალქალაქის მაზრაში. 1898–1900 წწ. დ-ის ნაწილი გაასახლეს კანადაში.

საქართველოში დ-მა პირველად შექმნეს სახელოსნო და მიწის დამუშავების არტელები, აღადგინეს კომუნური სათემო მეურნეობა, გაანადგურეს ყოველგვარი სამხ. იარაღი, არ იხდიდნენ სამხ. ბეგარას. 1877–78, რუს.- ოსმ. ომის დროს, მთავრობის თხოვნით, დ-მა გამოიყვანეს 4000 ოთხცხენასაზიდარი, რის გამოც გათავისუფლდნენ არმიაში სამსახურისაგან. მათვე ჰქონდათ შექმნილი საფრონტო ლაზარეთები. საქართველოში მცხოვრები დ-ის შესახებ ლ. ტოლსტოის მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას ქართვ. საზ. მოღვაწე ი. ნაკაშიძე, რ-საც თავისი საქმიანობის გამო დაატოვებინეს სამშობლო. ლ. ტოლსტოიმ იგი მოაწყო მოსკოვში, საიდანაც აქტიურად განაგებდა დ -ის საქმეებს. ამჟამად დ-ის ყველაზე მრავალრიცხოვანი გაერთიანება არსებობს კანადაში. აქ მოქმედებს ,,ქრისტეს სულიერ თემთა კავშირი", რ-საც გახსნილი აქვს რუსულენოვანი სკოლები, გამოსცემს გაზეთებს და მჭიდრო კონტაქტი აქვს რუსეთსა და საქართველოში მცირე რაოდენობით დარჩენილ დ-თან.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დ-ის ნაწილი საქართველოდან კვლავ რუსეთში გადასახლდა.

ლიტ.: К л и б а н о в А. И., История религиозного сектантства в России, М., 1965; П о р а к и ш в и л и З. И., Духоборы в Грузии,

                                                                                                                                                                        რ. წიქვაძე