ბაგრატიონი ჯანო კონსტანტინეს ძე

ი. ბაგრატიონი

ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო) კონსტანტინეს ძე (15. IX. 1909, სოფ. აბანო, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 15. V. 1979, თბილისი), მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუს. მოღვაწე. საქართვ. სახ. არტისტი (1967). 1933–46 თბილ ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“ და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც (ზაალი – ა. ბალანჩივაძის „მთების გული“; დიტო – შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“). 1938–45 და 1956–70 იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1950–53 აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელი. 1970–79 – საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები „საქორწილო“, „ძველი თბილისის ფრეკსები“, „ალვანური“ და სხვ. ბ. იღვწოდა ქართ. ხალხ. ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. ერთდროულად (1934–39) პედ. მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის სტუდიაში, 1935–48 ხელმძღვანელობდა თსუ-ისა და საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის (ახლანდ. ტექ. უნ-ტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. მისი მოწაფეები იყვნენ ნ. გუნია, ლ. თათეიშვილი, ე. კელაპტრიშვილი, ნ. ბაგრატიონი, გ. დარახველიძე, გ. სალუქვაძე, ა. თათარაძე, კ. მანჯგალაძე, მ. შუბაშიკელი, გ. ბახტაძე და სხვ.

აღსანიშნავია ბ-ის მოღვაწეობა ქართ. ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართვ. ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს (1945–50), აფხ. ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს (1950–53), საქართვ. ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს (1953–56). ამ კოლექტივებში გამოდიოდა როგორც მომღერალი. მაღალი გემოვნებით ასრულებდა ქართ. და ამიერკავკ. ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხ. სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ (ტექსტი ბ. ფერაძისა). ბ-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. ხალხ. ცეკვის საესტრადო სცენაზე შემოტანისა და დამკვიდრების საქმეს.

ა. თათარაძე