ბებრისციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვ. ნაპირზე, ძვ. ჟინვალსა და ანანურს შორის. მიშენებულია მიწიდან ამოზიდულ უზარმაზარ კლდის მასივზე, რ-იც ორგანულადაა ჩართული ციხესიმაგრის ხუროთმოძღვრებაში და მის დას. კედელს წარმოადგენს.
ძეგლი შედგება 2 კოშკისა და კლდოვან კორტოხზე განლაგებულ ნაგებობათა ნაშთისაგან. აღმ-ით არაგვის ფართო კალაპოტი ესაზღვრება, ჩრდ. მხარეს ნაწილობრივ კლდის მასივი ეკვრის, ხოლო სამხრ-იდან ციცაბო ფერდობია. მიუხედავად დაბალი მდებარეობისა, ყოველივე ამის გამო ციხესიმაგრე თითქმის მიუვალი იყო.
კოშკთაგან უფრო დიდი ორსართულიანია. მის ჩრდ. კედელში ერთ ვერტიკალზე დატანებულია პირველი სართულის კარისა და სარკმლის და მეორე სართულის სარკმლის ღიობი. სამხრ. კედელში დატანებულია პატარა კარი არაგვისპირზე გასასვლელად. ამ კედელთან ახლოს კლდეში ამოკვეთილია ხელოვნური ჭა, რ-იც ციხესიმაგრეს წყლით ამარაგებდა. მეორე, უფრო პატარა კოშკი კუთხითაა მიდგმული დიდ კოშკზე ჩრდ.-დას-იდან. კოშკში შესვლა შეიძლება კლდეში ნაკვეთი საფეხურებით და საგანგებო კარით, რ-ის არსებობასაც შემორჩენილი საურდულე ღრმულები ადასტურებს. ორივე კოშკის საძირკველი კლდის მასივს ეფუძნება. ხუროთმოძღვრებისა და მონაპოვარი არქეოლ. მასალის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბ. განვითარებულიდან გვიანდ. შუა საუკუნეებზე გარდამავალი პერიოდის ძეგლია და იგი გვიანდ. შუა საუკუნეებშიც მოქმედი იყო.
ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე გ., არქეოლოგიური გათხრები ბებრისციხეზე (1975 წ. მუშაობის შედეგები), წგ.: არქეოლოგიური ძიებანი (ახალგაზრდა მკვლევართა II–III სამეცნიერო სესიის მასალები), თბ., 1982; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., ჟინვალის ექსპედიცია. მიზანი, პირველი შედეგები, პრობლემები, კრ.: ჟინვალი. არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში, I, თბ., 1983; Археологические исследования в Арагвском ущелье, წგ.: Полевые археологические исследования в 1983 году, Тб., 1986.
ზ. კალანდაძე
ჯ. წიკლაური