ბიეთი

ბიეთი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ღრომის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. მეჯუდის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1000 მ, გორიდან 27 კმ.

ბ-ის მიდამოებში ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია.

ადრინდ. ფეოდ. ხანის მიწურულში ტერიტ., სადაც დღევანდელი ბ. და მისი მიდამოებია, ქსნის ხევის შემადგენლობაში, შემდეგ კი ქსნის საერისთავოში შედიოდა.

1865-თვის ბ. შედის ანდორეთის სასოფლო თემში, ხოლო 1930-იდან – ღრომის სასოფლო საბჭოში .

ბ-ის მახლობლად დგას გარდამავალი ხანის ქართ. ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი – IX ს. სამონასტრო კომპლექსი, რ-შიც გაერთიანებულია საკულტო, სამეურნეო და საცხოვრ. დანიშნულების ნაგებობები. მათი დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. შენობათაგან უმთავრესია ნახევრად გამოქვაბული დარბაზული ეკლესია, რ-ის ორ სართულად განლაგებული და დარბაზთან თაღოვანი მალებით გაერთიანებული ჩრდ. სადგომები ერთიანად კლდეშია გამოკვეთილი. მეორე სართული წარმოადგენს დერეფანს, რ-შიც გადის დარბაზის მხრიდან თაღების თავზე მოთავსებულ ვიწრო ნიშებში გაჭრილი სარკმლები. მსგავსი ნიშებია, მხოლოდ ორ იარუსად განლაგებული, დას. კედელზეც. დეკორ. თაღოვან ნიშებთან მასიური არკატურის ასეთი შეხამებით ინტერიერში შექმნილია განუმეორებელი, რთული მხატვრული ეფექტი. ასეთივე სიახლის, უჩვეულოს ძიების ტენდენცია იგრძნობა ფასადების გადაწყვეტაშიც. ორი ჰორიზ. სარტყელი ფასადების ცალკეულ სიბრტყეებს კრავს და უმორჩილებს ერთიან დეკორ. მოტივს. სამხრ-იდან ეკლესიას თითქმის თანადროული მინაშენი ჰქონდა, მეორე სამხრ. მინაშენი კი გვიანდ. შუა საუკ. მიეკუთვნება. შემორჩენილია სატრაპეზო და რამდენიმე საცხოვრ. დანიშნულების გამოქვაბული. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა მასალით – რიყის ქვით, შირიმით, ნატეხი ქვით, აგურით. შირიმის თლილი ქვით ნაგები აღმ. და სამხრ. ფასადების შესასვლელები მორთულია მოჩუქურთმებული სათაურებით. აღმ. სარკმლის სათაური გაფორმებულია შეწყვილებული ლილვით, რ-ის ვერტ. ნაწილები შეწყვილებული ნახევარსვეტების სახისაა. ეს თემა (შეწყვილებული ნახევარსვეტები) ფართოდ გავრცელდა X – XI სს. ქართ. ხუროთმოძღვრებაში.

აღმ. ფასადზე სარკმლის თავზე ამოკვეთილია წარწერა, რ-შიც მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ქსნის ერისთავთერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა. ე. თაყაიშვილის გადმოცემით, ბ-ის ეკლესიის ძირს ჩამოცვენილი წარწერიანი ქვები 1912 თბილისში გადმოიტანეს.

დაცულია ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმში.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; М е п и с а ш в и л и Р ., Ц и н ц а д з е  В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-картли, Тб., 1975.

ჯ. გვასალია

რ. მეფისაშვილი

ვ. ცინცაძე