ელბაქიძე მიხეილ სიმონის ძე (დ. 20. IX. 1931, სოფ. ელბაქიანთ კარი, ახლანდ. ელბაქიანი, ქარელის მუნიციპალიტეტი), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1988). დაამთავრა თბილ. მეტალურგ. ტექნიკუმი (1951), კიევის საერთო საჯარისო სასწავლებელი (1955), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1965). 1955–62 მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხ. ოლქში. 1965-იდან მეთაურობდა კარპატისპირეთის სამხ. ოლქის მოტომსროლელ ბატალიონს, 1967-იდან – პოლკს. 1972–76 მუშაობდა დივიზიის შტაბის უფროსად, 1976–84 – კარპატისპირეთის სამხ. ოლქის შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შტაბის უფროსად. 1982 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1984–92 იყო საქართვ. სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი, 1992–94 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის სამინისტროს სამხ. მრჩეველი. 1994-იდან თადარიგშია. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.
ლ. დოლიძე