დონდუა დავით დარისპანის ძე [3(15). X. 1898, ქუთაისი, – 1. V. 1958, თბილისი], პედაგოგი, გეოგრაფი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1945). პედ. მეცნ. კანდიდატი (1956).
1917 დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია, 1943 – თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. ასწავლიდა ქუთაისის და თბილისის სკოლებში (მ. შ. 14 წელი – თბილ. I საშ. სკოლაში). აქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართვ. წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზ-ბის მუშაობაში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტში, ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ რესპ. კურსებს. კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თსუ-ში, თელავისა და გორის პედ. ინ-ტებში. იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის თავ-რის მოადგილე (1940–54).
გამოქვეყნებული აქვს ბუნებისმეტყველებისა და გეოგრ. სახელმძღვანელოები, მეთოდ. წერილები, სასწავლო პროგრამები, სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. შრომები. ხელმძღვანელობდა სასწ. გეოგრ. რუკების ქართ. ენაზე გამოცემას, გეოგრ. ნომენკლატურის ქართ. ტრანსკრიფციის დადგენას. 1926–32 მისი სახელმძღვანელოთი („წყარო") ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება ქართ. სკოლის დაწყ. კლასებში. 1916–24 ს. ჯაფარიძესთან ერთად გამოსცა საბავშვო ზღაპრების სერია „სურათები – ზღაპრები".
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, ტფ., 1923; ჩვენი მხარე ქართლი. მხარეთმცოდნეობითი ნარკვევი, ტფ., 1925; სამხედრო გეოგრაფია, მისი არსი და თემატიკა, თბ., 1942; როგორ ავგეგმოთ გარემო, თბ., 1943.
ლიტ.: გ ა რ ს ე ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ე., დავით დონდუა, თბ., 1978; დავით დონდუა. [ბიობიბლიოგრაფია], შემდგ. ც. ცინაძე, თბ., 1978.
ე. ლოლუა