დოდაშვილი კოტე ივანეს ძე (დ. წ. უცნობია, – გ. XI. 1919, თბილისი), ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, ს. დოდაშვილის შვილთაშვილი.
მოღვაწეობდა XIX ს. 80-იან – XX ს. 10-იან წლებში. ავტორია გრამატიკისა და ქართ. ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა („საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნაზე და ზმნის გამო", „ქართული ლექსთწყობა", „საგრამატიკო კვლევა", „ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა", „სხვადასხვა წერილები", „ივერიულის ფონეტიკისათვის" და სხვ.), რ-ებიც იბეჭდებოდა „ივერიაში", „კვალსა" და „მოამბეში". ამ წერილებში დ. განიხილავს სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების საკვანძო საკითხებს ქართულში. მაგ., სახელთა ბრუნების დახასიათებისას ძირითადად მართებულად არის განსაზღვრული სახ. ბრუნვის ნიშნის (ი) ნაცვალსახელური წარმომავლობა.
დ-ს ეკუთვნის უღვლილებაში ფორმათა წარმოების მიხედვით ზმნების დაჯგუფების პირველი მცდელობა, ქართ. გრამატიკების მიხედვით მანვე დაწვრილებით გააანალიზა ამ საკითხის ისტორია; დ-მა შეადგინა ქართ. ენის თანხმოვანთა კლასიფიკაციის ცხრილი, ქართ. ბგერების ლათ. და რუს. სატრანსკრიფციო ნიშნები და სხვ. დ. ეხება სალიტ. ქართულის სიწმინდის საკითხებსაც. ქართველურ (ივერიულ) ენათა გენეტ. ურთიერთობის კვლევა მას წინა აზიის მკვდარ და ცოცხალ კავკ. ენებთან კავშირში ესახებოდა. მან დაასაბუთა ქართ. ლექსთწყობის სილაბურ-ტონურობა, განსაზღვრა ქართ. პროსოდიის თავისებურებანი და სწორად მიუთითა მისი აქცენტუაციის სპეც. ხასიათზე. დ. კარგად იცნობდა თავისი დროის ენათმეცნიერების (ფერდინანდ დე სოსიურის, ბოდუენ დე კურტენეს, ო. კორშის, ი. გროტის) ნაშრომებს.
იყო პოლიგლოტ-ლინგვისტი, კვლევისას იყენებდა როგორც ქართველურ, ისე ევრ. ენების, ასევე ძვ. ბერძნულ, სომხურ, არაბულ თუ სპარსულ მასალებს.
ლიტ.: ა ბ ე ს ა ძ ე ნ., გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960; გ ა წ ე რ ე ლ ი ა ა., ქართული კლასიკური ლექსი, თბ., 1953; ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), გ. მიქაძის რედ., თბ., 1954.
ა. გაწერელია
მ. სუხიშვილი