დოდაშვილი სოლომონ ივანეს ძე

ს. დოდაშვილი 

დოდაშვილი (დ ო დ ა ე ვ - მ ა გ ა რ ს კ ი), სოლომონ ივანეს ძე [15. V. 1805, სოფ. მაღარო, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 20. VIII (1. IX). 1836, ქ. ვიატკა], ფილოსოფოს-ლოგიკოსი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე.

1817 მიაბარეს ბოდბის მონასტერთან არსებულ სკოლაში, 1818 შევიდა სიღნაღის სას.- სამრევლო სკოლაში, შემდეგ იქვე – სას. სასწავლებელში, ხოლო 1820 – თბილ. სას. სემინარიაში რიტორიკული განყ-ბის I კურსზე, რ-იც 1822 დაამთავრა. სემინარიის გამგეობის დადგენილებით იმავე წლის 30 მარტს დაინიშნა სას.- სამრევლო სკოლის უფროსი კლასის მასწავლებლად. 1823 ივლ. დ-მა თავი დაანება სას. სასწავლებელში მუშაობას და პეტერბურგში გაემგზავრა.

1824 დ. პეტერბურგის ფილოს.-იურიდ. ფაკ-ტის თავისუფალი მსმენელი გახდა, რ-იც 1827 დაამთავრა. პეტერბურგში ცხოვრობდა ბაგრატ (გიორგის ძე) ბატონიშვილის სახლში და მის მცირეწლოვან ვაჟებს ასწავლიდა ქართ. ენას. ამ სახლში იგი გაეცნო იქ მცხოვრებ ბაგრატიონებს (იოანე და თეიმურაზ გიორგის ძეთ, ანა დედოფალსა და სხვ.).

დ-ზე, როგორც მოქალაქეზე, მეცნიერსა და პოლიტ. მოღვაწეზე, დიდი გავლენა იქონია პეტერბურგმა; იგი მოწმე გახდა 1825 დეკემბრის აჯანყებისა და დეკაბრისტების დასჯისა. მის ქაღალდებში შემდეგ აღმოჩნდა კ. რილეევის იმ წერილის პირი, რ-იც მან სიკვდილით დასჯის წინა დღეს გაუგზავნა მეუღლეს.

1827 თბილისში დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს კეთილშობილთა სასწავლებელში (1830-იდან გიმნაზია) ქართ. ენის, ლოგიკისა და გეოგრ. მასწავლებლად. მისი ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე იყო ნ. ბარათაშვილი. 1828 ივლისში მიიწვიეს გაზ. „ტფილისის უწყებათანის" ქართ. გამოცემის რედაქტორად. 1832 იანვრიდან შეუდგა პირველი ქართ. ლიტ. ორგანოს – ორკვირეული ჟურნალის «სალიტერატურონი ნაწილნი „ტფილისის უწყებათანის" » გამოცემას (დაიბეჭდა მხოლოდ ხუთი ნომერი).

1832 დეკ-ში დააპატიმრეს, როგორც მთავრობის საწინააღმდეგო პოლიტ. შეთქმულების ერთ-ერთი იდეური მეთაური. 1834 მიუსაჯეს სამუდამო გადასახლება რუს. ჩრდ. გუბერნიაში, ქ. ვიატკაში, სადაც გაემგზავრა ცოლსა და პატარა შვილებთან ერთად. ვიატკის გუბერნატორის კანცელარიაში ერთხანს ა. გერცენთან ერთად მუშაობდა.

გარდაიცვალა ჭლექით. დასაფლავებული იყო იქვე. 1994 მისი ნეშტი გადმოასვენეს და დაკრძალეს მთაწმინდაზე.

დ-ის მნიშვნელოვანი ფილოს. შრომებია „ფილოსოფიის კურსი. ნაწილი პირველი. ლოგიკა" (პეტერბურგი, 1827, რუს. ენაზე; გამოსაცემად იყო წარდგენილი ქართ. ვარიანტიც, მაგრამ იგი დაკარგულია; 1949 ქართულად თარგმნა პ. იაშვილმა), რ-საც გამოეხმაურა პეტერბურგისა და მოსკოვის პრესა და აგრეთვე მის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი „ლოგიკური მეთოდოლოგია" და „რიტორიკა". დ-ის ფილოს. შეხედულებათა საფუძველია გერმ. კლასიკური იდეალიზმი, სახელდობრ, ი. კანტისა (ე. წ. კანტიეშეს ლოგიკა) და ფ. შელინგის მიმდევრის ი. შადის მიერ განვითარებული თვალსაზრისი ფილოსოფიის, ლოგიკისა და მათი ურთიერთმიმართების საკითხებზე.

დ-ის შრომებში ფორმალური ლოგიკის ტრად. სისტემური დალაგება შეცვლილია აზროვნების ფორმების არატრადიციული მიმდევრობით – მსჯელობა, ცნება, დასკვნა. დ. ყოველ ლოგიკურ აქტს, ცნებასა და კანონს განიხილავს როგორც დიალექტ. ტრიადის რეალიზაციას. მის შრომებში განხილულია აგრეთვე შემეცნების მეთოდების სრულყოფისა და ხელოვნ. თეორიის საკითხები. მნიშვნელოვანი მოსაზრებები აქვს ქართ. ლიტ-რის ისტორიის საკითხებზეც.

დ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. ენის გრამატიკისა და ლიტ-რის განვითარების საქმეში. 1830 დაიბეჭდა დ-ის სასკოლო გრამატიკა – „შემოკლებული ქართული ღრამმატიკა". მასში შეტანილია შემდეგი დისციპლინები: მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია. დ-ის გრამატიკა გამოირჩევა მასალის მწყობრი და თანამიმდევრული განხილვით, ნათელი მსჯელობით, მკაფიო დებულებებით. დახასიათებულია ბრუნვათა სინტაქსური ფუნქციები.

დ. იყო ბელეტრისტი, ლიტ-რის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. მის თხზულებაში „რიტორიკა" განხილულია ე. წ.„"აღმკობლის პროზის" (მხატვრული პროზის) თეორიის საკითხები. აქვე ეხება იგი გრამატ. სტილისტიკისა და მეტყველების კულტ. საკითხებსაც.

დ-ის ნაშრომი „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა", რ-იც დაიბეჭდა ჟურნალში «სალიტერატურონი ნაწილნი „ტფილისის უწყებათანი"» (1832, №1, 2), ძვ. ქართ. ლიტ-რის პერიოდიზაციის პირველი ცდაა. ავტორი ასაბუთებს ქართ. მწერლობის თვითმყოფობას, მიმოიხილავს ქართვ. მწერალთა, მთარგმნელთა და ფილოსოფოსთა მოღვაწეობას. აღნიშნულ ჟურნალშივე გამოქვეყნდა დ-ის მოთხრობა „ელენა" (№4, 5).

დ-მა დატოვა აგრეთვე მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობა (წერილები ი. ხელაშვილისადმი. ფ. კიკნაძისადმი, ანა დედოფლისადმი, ოქროპირ ბატონიშვილისადმი და სხვ.). დ. ილაშქრებდა ყოველგვარი ცრურწმენის წინააღმდეგ, ქადაგებდა განმანათლებლობის ფართოდ დანერგვას. მისი განმანათლებლური იდეები სამშობლოს სიყვარულით იყო ნაკარნახევი.

დ-ის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა და ხელი შეუწყო თერგდალეულთა მოღვაწეობას. ქართ. კულტურის გადარჩენისათვის ბრძოლას ხიფათით აღსავსე იმ დროში დ. ღირსეულად აგრძელებდა. იგი იყო დიდი სულიერი ძალის პიროვნება და ეროვნ. კულტ. იდეური ლიდერი. ილია აღნიშნავდა, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელი დროშა მემკვიდრეობით ჰქონდათ გადმოცემული ს. დოდაშვილისა და გ. ერისთავისაგან.

თხზ .: თხზულებანი, თბ., 1964; თხზულებანი (შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თ. კუკავამ), თბ., 1989; Курс философии, ч. 1 – Логика, СПб., 1827 (ქართ. ენაზე – 1949).

ლიტ.: გ ა ბ ი ძ ა შ ვ ი ლ ი ო., სოლომონ დოდაშვილი, თბ., 1985; გ ა გ ო ი ძ ე ვ., ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XIX ს. საქართველოში, თბ., 1964; გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–2, თბ., 1935–70; გ ო ც ა ძ ე მ., სოლომონ დოდაშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1955; თ ე ვ ზ ა ძ ე გ., სოლომონ დოდაშვილი, თბ., 2005; კ უ კ ა ვ ა თ., სოლომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედველობა, თბ., 1975; ნ უ ც უ ბ ი ძ ე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958; სოლომონ დოდაშვილი. ბიობიბლიოგრაფია (1825–1966). შემდგ.: ნ. დოლიძე, ნ. ფირცხალავა; ს. ხუციშვილის რედ. და წინასიტყვაობით, თბ., 1967; სოლომონ დოდაშვილი (საიუბილეო კრებული), თბ., 1986.

ლ. მჭედლიშვილი

ი. ქავთარაძე