დიხაგუძუბა

 

 

დიხაგუძუბა. თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები

დიხაგუძუბა, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ბორცვი კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიის მახლობლად, მდ. ენგურის შესართავთან. გაითხარა 1934–36. შეისწავლა ბ. კუფტინმა.

დ-ზე დადგენილია 4 კულტ. ფენა. I-ში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი კერამიკა და მეტალ წარმოების ნაშთები (ბრინჯაოს ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა). ეს ფენა თარიღდება ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასასრულით (ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნა). II–III ფენები შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება (ძვ. წ. XVIII– XV სს.). ამ ფენებში აღმოჩნდა ხის ძელურ ნაგებობათა ნაშთები, მდიდრულად ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი, მახას და ფეტვის მარცვალი და სხვ. IV ფენაში აღმოჩენილი კერამიკა ჩარხზე ნაკეთებია და განსხვავდება ქვედა ფენის კერამიკისაგან. ეს ფენა ეკუთვნის გვიანდ. ბრინჯაოს ხანას. მასალა დაცულია დადიანების სასახლეთა ისტ.-არქიტექტურულ მუზეუმში.

ლიტ: ხ ო შ ტ ა რ ი ა ნ., დიხა გუძუბა, კოლხეთის დაბლობის ძველი მოსახლეობა, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, №4; К у ф т и н Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 2, Тб., 1950.

ე. გოგაძე