დიდებულიძე გრიგოლ ივანეს ძე

გ. დიდებულიძე

დიდებულიძე გრიგოლ ივანეს ძე [25. IV(7.V). 1898, სოფ. იგოეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 1954, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1945).

1916 შევიდა ვარშავის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტზე. 1919-იდან სწავლა განაგრძო თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტზე, რ-იც 1924 დაამთავრა. 1938–40 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის პედიატრიული ფაკ-ტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრის გამგე, 1940– 45 – ამავე ფაკ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე.

1945-იდან განაგებდა სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას, 1943–47 – თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თერაპიის კათედრას, ერთდროულად, 1947–50, ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. კარდიოლოგიის ინ-ტის კლინიკურ განყ-ბას. სტუდენტობის პერიოდში (1923) ნ. მახვილაძესთან ერთად აღმოაჩინა და შეისწავლა ანკილოსტომიდოზი საქართველოში.

დ-მ შეისწავლა და აღწერა ბორჯომის მინერ. წყლების გავლენა თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეციაზე, შემაერთებელი ქსოვილის როლი წყლის ცვლის პროცესში, კანქვეშა ქსოვილში შეყვანილი ნივთიერებების შეწოვის საკითხი და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა, კლინიკური დიაგნოსტიკის და სემიოლოგიის კურსი, გამოც. მე-3, თბ., 1960 (თანაავტ. შ. მიქელაძე).