ინწკირველი ამბროსი ნესტორის ძე (28.XI. 1887, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა, – 23. I. 1969, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1938), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968). დაამთავრა კიევის კომერციული ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი (1915). ინ-ტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმსა და ფოთში, მასწავლებლობდა ქ. ფოთის ქალთა გიმნაზიაში. 1919 დაინიშნა თბილ. ქალაქის გამგეობის მდივნად, 1920 კი აირჩიეს საქართვ. კოოპერატიული ბანკის გამგეობის წევრად, კითხულობდა ლექციებს თბილ. პედ. (საპედაგოგიო) ინ-ტში. 1923 მიიწვიეს თსუ-ში ბუხჰალტრული აღრიცხვის დისციპლინებში ლექციების წასაკითხად. 1944 აირჩიეს მისივე ინიციატივით იქვე დაარსებული საბუხჰალტრო აღრიცხვისა და სამეურნ. საქმიანობის ანალიზის კათედრის გამგედ, სადაც ორი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა.
ი-ის სამეცნ. შრომები ეხება ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების თეორ. და პრაქტ. საკითხებს. ავტორია ათობით სამეცნ. ნაშრომისა, მ. შ. 12 სახელმძღვანელოსი. მან ქართ. ენაზე შეადგინა პირველი ორიგინ. სახელმძღვანელოები: „საბანკო ანგარიშწარმოება" (1927), „კოლმეურნეობათა ანგარიშსწორება" (1930), „სამრეწველო ანგარიშსწორება" (1934) და სხვ. მისი ნაშრომი საკოლმეურნეო ბუხჰალტერიაში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო იყო არა მარტო ქართ., არამედ რუს. ენაზეც.
თხზ.: ბუხჰალტერიის ზოგადი კურსი ორ ნაწილად: თეორია და პრაქტიკა, ტფ., 1924; ანგარიშმცოდნეობის საფუძვლები, გამოც. მე-3, ტფ., 1931; საბუხჰალტრო აღრიცხვის თეორიის კურსი, თბ., 1961.