ისაკაძე ლიანა ალექსანდრეს ასული (2. VIII. 1946, თბილისი, - 5. VII. 2024, იქვე), მევიოლინე და დირიჟორი, საქართვ. (1974) და სსრკ (1988) სახ. არტისტი. ზ. ფალიაშვილის (1979), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1983) და საქართვ. სახელმწ. (2001) პრემიების, აგრეთვე მუსიკოს-შემსრულებელთა არაერთი საერთაშ. კონკურსის (მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახ., პარიზი, 1965, I პრემია; პ. ჩაიკოვსკის სახ., მოსკოვი, 1970, III პრემია; ი. სიბელიუსის სახ., ჰელსინკი, 1970, I პრემია) ლაურეატი.
პირველდაწყებითი სამუსიკო განათლება მიიღო თბილ. ცენტრ. სამუს. სკოლაში (ხელმძღვ. – ლ. შიუკაშვილი). 1956 გახდა რესპ. მუს. ფესტივალის ლაურეატი, 1957 – ამიერკავკასიის მუსიკოსშემსრულებელთა I კონკურსის, ხოლო 1961 – საკავშ. კონკურსის ლაურეატი. 1968 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (დ. ოისტრახის კლასი).
1971–90 იყო მოსკ. ფილარმონიის სოლისტი, 1981–97 – საქართვ. სახელმწ. დამს. კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი. 1988 ვენაში რამდენჯერმე ჩატარდა ი-ის სახ. მუს. ფესტივალი, სადაც მასთან ერთად მისი ორკესტრიც მონაწილეობდა. 1983-იდან მის მიერ დაარსებული საერთაშ. ფესტივალების [„ღამის სერენადები" (1982–88) ბიჭვინთაში, ფესტივალი აიხშტეტში (გერმანია), ფესტივალი ღია ცის ქვეშ ბათუმში, „ხელოვნების ზეიმი" ბორჯომში] სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1990-იდან მოღვაწეობს გერმანიაში, თავისსავე დაარსებულ მუს. აკადემიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის (მ. შ. – საქართველოს) ნიჭიერი სტუდენტები სწავლობენ. გერმანიის ქ. ინგოლშტადტში ი-მ დააარსა ქართ. კულტ. ცენტრი – საქველმოქმედო ორგანიზაცია, რ-იც ეხმარება ახალგაზრდა ქართვ. ხელოვნების მოღვაწეებს თავიანთი შემოქმედების გამოფენა-რეალიზაციაში, უნიშნავს სტიპენდიებს. 1999 ჩამოაყალიბა საქართვ. სიმებიანი ორკესტრის ახ. კოლექტივი. სხვადასხვა დროს იყო საერთაშ. კონკურსების (პარიზში – ჟ. ტიბოს, ჰელსინკიში – ი. სიბელიუსის, მიუნხენში – არდ-ის, ბონში – ტ. ვარგას, ოდესაში – დ. ოისტრახის სახ.) ჟიურის წევრი, ხოლო 1998 – პ. ჩაიკოვსკის სახ. საერთაშ. კონკურსის ჟიურის თავრე (მოსკოვი). 1990 ქ. ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართვ. კამერული ორკესტრი, რ-იც იქ ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. 1992 იქვე დააარსა თავისი მასწავლებლის – დ. ოისტრახის სახ. მუს. აკადემია.
ი. თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზული ტექნიკით. რეპერტუარში აქვს კლასიკური და თანამედროვე მუს. საუკეთესო ნიმუშები.
ი. ქართვ. კომპოზიტორთა რიგი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია (ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტი და სხვ.). გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი" (1975), მის შემოქმედებას მიეძღვნა იაპონური დოკუმენტური ფილმი „ლიანა ისაკაძე" (1974). 2000 ჩაატარა „საკონცერტო პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში" (გადაღებულია კინოფილმი, რეჟ. ა. ვახტანგოვი). 2003 სანქტ-პეტერბურგში გაიმართა მევიოლინეთა „ლიანა ისაკაძის სახ. I საერთაშ. კონკურსი". ცხოვრობდა პარიზსა და გრასში, 2017-იდან – დაბრუნდა საქართველოში.
შეყვანილია XX ს. გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (კემბრიჯი, 2002).
ა. ვივალდი, წელიწადის დრონი, ზაფხული (ფრაგმენტი), უკრავს ლიანა ისაკაძე, 2000 წელი: https://www.youtube.com/watch?v=bIdN-0-0LnE
თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილია ი-ის სახელობითი ვარსკვლავი (2001). 2016 მიენიჭა თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (ორგზის – 1998, 2000).
ლ. საყვარელიძე