იოსელიანი გიორგი დავითის ძე

 

გ. იოსელიანი

იოსელიანი გიორგი დავითის ძე (20. XII. 1917, თბილისი, – 6. IX. 2005, იქვე), ქირურგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1996); სსრკ მედ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1984), სა­ქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1994), სა­ქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის წევრი (1994), მედ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1961), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1975).

1941 დაამთავრა თსსი; 1941–43 იყო მოქმედ არმიაში. მუ­შა­ობ­და თბილ. სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგად და თსსი-ის ტოპოგრ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კა­თედ­რის ასისტენტად (1943–46; 1948–50); 1946–47 მოსკოვის ნ. სკლიფოსოვსკის სახ. სასწრაფო დახმარების ინ-ტის ქირურგი იყო, 1950-იდან – თბილ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თა­ნა­მშრო­მე­ლი, 1951–57 – სწავლული მდივანი, 1957–74 – დირექტორის მოადგილე, 1974–88 – დირექტორი; 1988-იდან – საპატიო დირექტორი.

ი-ის სამეცნ. შრომები ეხება საჭმლის მომნელებელი ორგანოების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგ. მკურნალობას, ორგანოთა და ქსოვილთა გადა­ნერ­გვას, სისხლის გადასხმას, გაუტკივარებასა და სხვა პრობლემებს.

არჩეული იყო სა­ქართვ. ქირურგთა საზ-ბის საპატიო თავ-რედ (1999), თბილისის ქირურგ. საზ-ბის თავ-რედ (2000).

ი. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 8 მონოგრაფიისა და 12 გამოგონების ავტორია.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: ღვიძლის ატროფიული ციროზი და მისი ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1964; Изолированная перфузия головного мозга и сердца в условиях умеренной гипотермии, Тб., 1966.