იოსელიანი ელენე (ლილი) კონსტანტინეს ასული

ლ. იოსელიანი

იოსელიანი ელენე (ლილი) კონსტანტინეს ასული (25. III. 1922, თბილისი, – 14. V. 2014, იქვე), რეჟისორი და პედაგოგი, პროფესორი (1979), სა­ქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1998). საქართვ. სახ. არტისტი (1976), შოთა რუსთაველისა (2010) და კ. მარჯანი­შვი­ლის (2002) პრემიების ლაურეატი.

1946 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (გ. ტოვსტონოგოვის ჯგუფი). მუ­შა­ობ­და დამდგმელ რეჟისორად თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (1947), კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში (1952–59 და 1963–65), სამხატვრო ხელმძღვანელად გორის გ. ერისთავის სახ. დრამ. თეატრში (1960–62 და 1966–69), თბილ. სანკულტურის თეატრში (1962–63); რეჟისორად – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1969–71).

1947-იდან ი. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში.

მისი სპექტაკლები გა­მოირჩეოდა დახვეწილი პროფ. კულტურით, ღრმა ფსიქოლოგიზმითა და ლირიზმით. დადგმებიდან აღსანიშნავია: თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში – მ. ალიგერის „ზღაპარი სიმართლეზე" (1946); კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში – ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა" (1952), რ. თა­ბუკა­შვი­ლის „რაიკომის მდივანი" (1954), „რას იტყვის ხალხი" (1956), ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე" (1954), ბ. შოუს „პიგმალიონი" (1955), მ. გორკის „ფსკერზე" (1957), უ. შექსპირის „აურზაური არაფრის გამო" (1963), ე. ციცაგის „ფითრი" (1964), გ. ჰაუპტმანის „მშვიდობის დღესასწაული" (1990); თბილ. სანკულტურის თეატრში – „ჩვენი ერთი საღამო" (1961), ვ. აქსიონოვის „კოლეგები" (1962), შ. ნარსიას და თ. ფერაძის „მეისრე" (1963); რუსთავის დრამ. თეატრში – უ. შექსპირის „ჰამლეტი" (1975) და სხვ. ი-ს შედგენილი აქვს სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისორული წარმოსახვის განმავითარებელი სავარჯიშოები.

გადაღებუ­ლია კინოფილმებში: „დები წყვდიადში" („ბერნარდა ალბას სახლი"; 1980); „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), „წყარო" (1985), „ფესვები" (1987); მას ეძღვნება დოკუმენტური ფილმი „ოსტატობის გაკვეთილები" (რეჟ. ვ. ზუბა­შვი­ლი, 1986).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: ვეფხვაძე გ., ლილი იოსელიანი (ალბომი), თბ., 2017; ხ ვ თ ი ს ი ა ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ლილი იოსელიანი, თბ., 2002; მისივე, ლილი იოსელიანი - 100, თბ., 2022.