იოსელიანი იაროსლავ კონსტანტინეს ძე (23. II. 1912, სოფ. ლახირი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 23. III. 1978, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (16. V. 1944). I რანგის კაპიტანი.
1938–39 მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად. II მსოფლიო ომის დროს (1939–45) იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიისა და საბჭოთა იმიერპოლარეთის დასაცავად. მეთაურობდა წყალქვეშა ნავებს, მ. შ. „საბჭოთა სვანეთს" („ს-17"). ი-ის მეთაურობით მოწინააღმდეგის 18 გემი ჩაიძირა. ომის შემდეგ მსახურობდა სამხ.საზღვაო ფლოტში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობაზე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები, ასევე სახელობითი დაშნა.
ი-ს ეკუთვნის სამეცნ. შრომები სამხ.-საზღვაო ხელოვნების ისტორიაში, აგრეთვე მხატვრული ნაწარმოებები.
თხზ.: საბედისწერო ნაღმი, თბ., 1971; ორთაბრძოლა წყალქვეშ, თბ., 1972; Записки подводника, М., 1954; Мурманск, 1962; Огонь в океане, М., 1959; Тб., 1975.
ტ. ჩინჩილაკაშვილი