იოსელიანი ნიკოლოზ (ჯვებე) პავლეს ძე [1(13). VIII. 1894, სოფ. კვათანა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 9. III. 1928, თბილისი], ზოოტექნიკოსი. ზოოტექ. მეცნიერების, გენეტ. განათლებისა და კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
1921 დაამთავრა ბონის (გერმანია) აგრონ. აკადემია. 1923 ჰალეში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და დაბრუნდა საქართველოში. ი. სათავეში ჩაუდგა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტის შინაურ ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრას. დაამუშავა საქართველოში აგრონ. განათლების მეთოდიკის საკითხები. ფართო ექსპერ. მუშაობა გაშალა მუხრანის სასწ. მეურნეობაში (ცხოველთა ადგილ. ჯიშების გენოფონდის შესწავლა, ზოგიერთი შემოყვანილი ჯიშის აკლიმატიზაციისა და ადგილ. ჯიშებთან შეჯვარების საკითხები, ცხოველთა წარმოშობა და ჯიშური დიაგნოსტიკა).
თხზ.: ქართული Brachyceros-ების კრანიოლოგიური გამოკვლევა, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1926, ტ. 3; მასალები თუშური ცხვრის ფენოანალიზისათვის, «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», 1928, ტ. 8.
გ. ჯორჯიკია