იოსელიანი ოთარ დავითის ძე (2. II. 1934, თბილისი – 17. XII. 2023, თბილისი), კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). საქართვ. სახ. არტისტი (1984), შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1998).1952 დაამთავრა თბილ. მუსიკალური სასწავლებელი. 1953–55 სწავლობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე. 1965 დაამთავრა მოსკ. საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (ა. დოვჟენკოსა და მ. ჭიაურელის სახელოსნო). 1956-იდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1956–59 – მემონტაჟედ, 1959–61 – დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961-იდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი.
ი-ის პირველივე დოკუმენტურ მინიატიურაში „საპოვნელა" (1959) პოეტურად გაჟღერდა ბუნებისა და ცივილიზაციის კონფლიქტის თემა. კინონოველა „აპრილში" (1961) ი. შეეხო ჭეშმარიტი და მოჩვენებითი ღირებულებების პრობლემას; ცხოვრებისეული სინამდვილის ძიებაში რამდენიმე თვე რუსთავის მეტალ. ქარხანაში იმუშავა და გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი" (1964). სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში „გიორგობისთვე" [1966, ჟორჟ სადულის პრიზი, FIPRESCI-ს პრიზი – კანის საერთაშ. კინოფესტივალის (სკფ), 1968], „იყო შაშვი მგალობელი" (1970, პრიზი წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, იტალია, 1972) და „პასტორალი" (1976, FIPRESCI-ს პრიზი – ბერლინის სკფ, 1982) გამოიკვეთა მისი კინოპოეტიკის თავისებურებები – დოკუმენტურად ასახული სინამდვილისა და პირობითობის სინთეზი, ნოველური სტრუქტურა, ტიპაჟურობის პრინციპით მსახიობთა შერჩევა; გამოვლინდა ადამიანურ ურთიერთობათა რღვევით, ტრადიციების, ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიის თანდათანობითი მოშლით, მომხმარებლური სულისკვეთების დამკვიდრებით გამოწვეული ავტორისეული განცდა.
XX ს. 80-იანი წლების დასაწყისიდან ი. ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, სადაც გადაიღო ფილმები: „ეუსკადი-1982" (დოკ., 1983), „მთვარის ფავორიტები" (1984, ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, OCIC-ის პრიზი – ვენეციის სკფ; CICAE-ს პრემია – ბერლინის სკფ, ყველა – 1985), „პატარა მონასტერი ტოსკანაში" (დოკ., 1988 – SCAM-ის პრიზი წლის საუკეთესო ფრანგ. დოკუმენტური ფილმისთვის, 1988), „და იქმნა ნათელი" (1989, ჟიურის დიდი სპეც. პრიზი – ვენეციის სკფ, 1989); „პეპლებზე ნადირობა" (1992, იტალიელ კინოკრიტიკოსთა სპეც. პრიზი – ვენეციის სკფ; CICAE-ს პრემია; ბერლინის ხელოვნ. აკადემიის პრემია 1992 წლის საუკეთესო კინონაწარმოებისთვის: იტალიის კულტ. სამინისტროს კომისიის პრემია; მოსკოველ კინოკრიტიკოსთა პრიზი 1992 წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის; ა. ტარკოვსკის ფონდის პრემია, მოსკოვის XVIII სკფ; ყველა – 1993), „ყაჩაღები. თავი VII" (1996, ჟიურის დიდი პრიზი რეჟისურისთვის – ვენეციის სკფ, 1996; რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა" საუკეთესო რეჟისურისთვის, 1997); „მშვიდობით, ხმელეთო!" (1999, ლუი დელიუკის პრიზი წლის საუკეთესო ფრანგ. ფილმისთვის; პრიზი „ოქროს ვერძი" საუკეთესო უცხოური ფილმისთვის – მოსკოვის სკფ; FIPRESCI-ს პრიზი – კანის სკფ; ყველა – 2000), „ორშაბათის დილა" (2002, „ვერცხლის დათვი" საუკეთესო რეჟისურისთვის, FIPRESCI-ს პრიზი – ბერლინის სკფ, 2002); „ბაღები შემოდგომით" (2006, ჟიურის სპეც. პრიზი – მარ-დელ-პლატას სკფ, 2007); „შანტრაპა" (2010, ვიგოს სახ. პრემია – კანის სკფ, 2010); „ზამთრის სიმღერა" (2015, ჟიურის სპეც. პრიზი – ლისაბონის სკფ, 2016). პარიზში, ვენეციაში, ბასკეთის, ტოსკანის, პროვანსისა თუ აფრიკის სოფლებში გადაღებული ეს ფილმები საქართველოში დაწყებული თემების ვარიაციებია, რ-შიც რეჟისორი თანამედროვე სამყაროს გამოწვევების მიმართ თავის ეჭვსა და ირონიას გამოხატავს. ი-მა შექმნა საკუთარი სტილი და საკუთარი სამყარო, მისი ფილმები ერთი უწყვეტი, დაუსრულებელი ამბავია, „ადამიანთა კომედიად" გააზრებული დიდი ტილო, რ-ის სივრცეშიც ყოველი ახალი ფილმი „ცხოვრების პიესის" მომდევნო აქტის ადგილს იკავებს.
ი. არის ევროპის კინოაკადემიის წევრი, საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. დაჯილდოებულია პროფესიული პრემიებით: „ტრიუმფი" (მოსკოვი, 1993), „ჩინემერიტ“ (მიუნხენი, 2011). ავტორია წიგნისა „ლუი. კადრირება" (2009, თბ., გამომც. „კენტავრი"). სხვა ფილმები: საქართველოში – „აკვარელი" (მოკლემეტრაჟიანი, 1958); „ძველი ქართული სიმღერა" (დოკ., 1969); საფრანგეთში – „შვიდი პიესა შავთეთრი კინოსთვის" (დოკ., 1982); "მარტოდმარტო, საქართველო" (დოკ., 1994).
თხზ.: ტექსტი, მსახიობი, კრ.: კინოხელოვნების პრობლემები, თბ., 1992; «Жил певчий дрозд». Проект киносценария, «Киносценарий», 2003, №2–3.
ლიტ.: ა მ ი რ ე ჯ ი ბ ი ნ., ოთარ იოსელიანი, თბ., 2003; ბ რ ა შ ი ნ ს კ ი მ., უცხო კაცის სიბრძნის თვალი, «საბჭოთა ხელოვნება», 1987, №10; თ ვ ა ლ ჭ რ ე ლ ი ძ ე ტ., ოთარ იოსელიანი, კრ.: სიმართლე ეკრანზე, თბ., 1981; კ უ ჭ უ ხ ი ძ ე ი., ოთარ იოსელიანი, კრ.: ქართველი კინორეჟისორები, თბ., 2005–06; П л а х о в А., Enfant terrible уходящей природы, კრ.: Всего 33, Винница, 1999; Т и к а н а д з е Р., Грузинское кино... проблемы, искания, Тб., 1978; Ф о м и н В., Пересечение параллельных, М., 1976; Ц е р е т е л и К., Трилогия Отара Иоселиани, კრ.: Кинопанорама, М., 1981.
მ. კერესელიძე