იოსელიანი ოტია შალვას ძე

 

ო. იოსელიანი

იოსელიანი ოტია შალვას ძე (16. VI. 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 14. VII. 2011, იქვე), მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწე­რალ­თა კავშირთან არ­სე­ბუ­ლი უმაღლესი ლიტ. კურსები. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1954-იდან. მოთხრობების პირველი კრებ. „კარის მეზობლები" გამოსცა 1957, საბავშვო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი" – 1960. ი. ნაყოფიერად მუ­შა­ობ­და როგორც ნოვე­ლისტიკაში, ისე რომანისა და საბავშვო მწერლობის ჟანრში. რომანებში „ვარს­კვლავთცვენა", (1962); „ტყვეთა ტყვე", „შავი და ცისფერი მდინარე" (ორივე 1975) მთავარია ომის თემა. ზნეობრივ-ეთი­კური პრობლემატიკაა წინ წამოწეული რომანში „იყო ერთი ქალი" (1970). საბავშვო მოთხრობების კრებულებია: „ცხრა მთას იქით" (1969); „დაჩის ზღაპრები", „ცაგამთენია" (ორივე 1973) და სხვ.

ი. ნოველებით მოვიდა ქართ. მწერ­ლობაში. მათში თავმო­ყრილი იყო ყველა ის საინტერესო თემა და მოტივი, რაც შემდეგ რომანებსა და პიესებში სხვა­და­სხვა კუთხით გა­ი­შა­ლა. მის შემოქმედებას იმთავითვე თან ახლ­და თავისთავადობა, ორიგინ. ხელწერა, იგრძნობოდა საკუთარი ხედვა საგნებისა და მოვლენების მიმართ. მწერალი ცდილობდა ადამიანის სულში გამართული სიკვდილსიცოცხლის ჭიდილის დახატვას, პატივით ეკიდებოდა პოეტურის წარმოჩენას ადამიანთა ყოფით ცხოვრებაში, კარგად გრძნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, რ-იც თითქმის წამყვანი ნიშან-თვისებაა ი-ის მხატვრული აზროვნებისათვის. მწერალი კარგად იცნობდა სოფელს, მის ხასიათს, ავსა და კარგს, ყოველ ნიუანსს. მან შეძლო სოფლური ყოფის სხვათაგან შეუმჩნეველი ფერების დანახვა და მკითხველამდე მიტანა.

ი. წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. მისი პიესებიდან რამ­დე­ნი­მე („ადამიანი იბადება ერთხელ", „როცა სიყვარული მოვა", „სანამ ურემი გადაბრუნდება", „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა სა­ქარ­თვე­ლოსა და საზღვარგარეთის თეატრების სცენებზე. ავტორია კინოსცენარებისა: „ჩქარი მატარებელი", „მალე გაზაფხული მოვა", „თეთრი ქალი­შვი­ლი", „ჩემი ქალაქის ვარს­კვლავი" და სხვ. ი-ის ცალკეული თხზუ­ლე­ბანი თარგმნილია უცხო ენებზე.

ანდერძის თანახმად, დაკრძალულია სოფ. გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში.

თხზ.: სამი რომანი, თბ., 1972; პიესები, თბ., 1973; ნოველები, თბ., 1974; ექვსტომეული, თბ., 2011 (სერია „ჩემი რჩეული").

ლიტ.: ღ ვ ი ნ ჯ ი ლ ი ა  ჯ., წერილები კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 1990.