იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე [15(27). XI. 1809, თბილისი, – 15(27). XI. 1875, იქვე], ისტორიკოსი, თეოლოგ-ფილოსოფოსი. 1835 დაამთავრა პეტერბურგის სას. აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. მუშაობდა თბილ. სას. სემინარიაში ფილოს. და ფიზ. მასწავლებლად. 1845–56 რედაქტორობდა გაზ. «ზაკავკაზსკი ვესტნიკს», რ-იც თბილისში გამოდიოდა. 1849 იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართ. კულტ. ძეგლები. ი. იყო ათენის არქეოლ. საზ-ბის ნამდვილი წევრი. თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუს. მეცნ. აკადემიაში. დაკავშირებული იყო აკად. მ. ბროსესთან. 1860–75 გამოქვეყნებული აქვს ქართველოლოგიის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ათეულობით ნაშრომი.
მსოფლმხედველობით ი. იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტ. პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იგი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნულ, ანუ პირველყოფილთემურ, ფეოდ. და კაპიტალისტურ წყობილებებად. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართვ. ქალაქების ისტორიის შესწავლას, მათი წარმოშობის პრობლემებს. ი-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძვ. ქართ. ლიტ-რის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა რამდენიმე ლიტ. და ისტ.-სამეცნ. ნაშრომი: ჩახრუხაძის „თამარიანი" (1838), იოანე შავთელის „აბდულმესიანი" (1838), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი" (1851), ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვა" (1852), ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობა" (1853), არჩილ II-ის „თეიმურაზიანი" (1853); 1850 ი-ის წინასიტყვაობით გამოვიდა გ. ერისთავის „გაყრა". „მამებისა" და „შვილების" ბრძოლის დროს ი. „მამათა" ბანაკს ემხრობოდა. ძვ. თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში" (1871) ი. ჭავჭავაძემ სხვა მოღვაწეთა შორის ი-იც გაკენწლა.
ისტ. საკითხების გაშუქებისას ი. მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართ. გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები: „გამოცანანი ქართულნი" (1835) და „ანდაზები და გამოცანები" (1839).
ი. ანტონ I-ის ლიტ. სკოლისა და მისი ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუელ-დაწყებითნი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა" (1840). გრამატ. პირველი ვარიანტი შეიქმნა 1831 და მოიცავდა ორ ნაწილს – სინტაქსსა და ორთოგრაფიას. ი-ის აზრით, მოქმედ სახელმძღვანელოს სწორედ ეს ორი ნაწილი აკლდა. ამავე წელს თბილ. სას. სემინარიის მმართველობას განუხილავს ეს ნაშრომი და სათანადო რეცენზირების შემდეგ შესაძლებლად მიუჩნევია მისი სასწ. სახელმძღვანელოდ დაშვება. მოგვიანებით (1832 წ. 24 ოქტ.) სემინარიის გამგეობამ აღძრა შუამდგომლობა საქართვ. ეგზარქოსის წინაშე ი-ის გრამატიკის სრულყოფილი რუს.-ქართ. ვარიანტის დაბეჭდვის შესახებ. 1836 საქართვ. ეგზარქოსმა ევგენიმ ი-ს დაავალა ქართ. გრამატიკის შედგენა (რუს. თარგმანითურთ). 1837 წ. 29 აპრილს ი-მა წარუდგინა პატაკი სას. სემინარიის გამგეობას ამ დავალების შესრულების შესახებ. სემინარიამ ხელნაწერი გადაუგზავნა ეგზარქოსს, რ-მაც ნაშრომის დაბეჭდვა ორი წლით შეაყოვნა. 1840 ი-მა მიიღო აკად. წ.-კორ-ის დიპლომი. როგორც ჩანს, ამ გარემოებამ იმოქმედა გრამატიკის დაბეჭდვის საქმეზე და რეცენზირების შემდეგ (რეცენზენტი აკად. მ. ბროსე) დაიბეჭდა მხოლოდ ქართ. ნაწილი. რუს. ნაწილი ამ გრამატიკისა საერთოდ არ დაბეჭდილა. ი-ის გრამატიკა ეფუძნება ანტონ I-ისა და გაიოზ რექტორის ნააზრევს, მაგრამ შეინიშნება სიახლეებიც. ი. პირველი ქართვ. გრამატიკოსია, რ-მაც ბრუნვათა რიგიდან განდევნა წრფელობითი (შეცვალა სახელობითით), შემასმენლობითი და დაწყებითი, რითაც იმ დროისათვის უკეთ გადმოგვცა ქართ. ენის ბრუნვათა წყება. შეიძლება ითქვას, რომ ი. არის ქართ. ენის ფონეტ. მოვლენების მეცნ. შესწავლის ერთ-ერთი პიონერი.
თხზ.: ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978; Краткая история грузинской церкви, 2 изд., СПб, 1843; Исторический взгляд на состояние Грузии под властью цареймагометан (XIII–XVIII вв.), Тфл., 1849; Города существовавшие и существующие в Грузии, Тфл., 1850; Описание города Душети, Тифлисской губернии, Тфл., 1860; Путевые записки от Тифлиса до Мцхеты, Тфл., 1871.
ლიტ.: ბარამიძე ა., კოლხეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ ისტორიოგრაფიაში, «საქართვ. მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1963, N5; მ ი ს ი ვ ე, პლატონ იოსელიანი და იბერიის (ქართლის) ისტორიული გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; ფ ო ც ხ ი შ ვ ი ლ ი ა., ქართული ენათმეცნიერების ისტორია, I, თბ., 1995; შარაძე გ., პლატონ იოსელიანი – რუსთველოლოგი, თბ., 1980; Барамидзе А. А., Ватейшвили Д. Л., П. И. Иоселиани. Очерк жизни и научно-общественной деятельности, Тб., 1978.
ა. ბარამიძე
გ. ცოცანიძე