იოსები (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) [გ. 13 (24). V. 1776], აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1769–76. 1745-იდან იყო გენათელი. იმერთა მეფის, ალექსანდრე V-ის ძე და სოლომონ I-ის უფროსი ძმა.
ი. გელათისათვის განსაკუთრებით იღვწოდა – დაუბრუნა დაკარგული და შესწირა საკუთარი სახსრებით ნაყიდი ყმა-მამულები. აქტიურად ერეოდა იმერეთის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში. მან სოლომონ I-ს შერიგების მიზნით უშუამავლა რაჭის ერისთავ როსტომთან, რ-საც მეფესთან შერიგება ურჩია და უსაფრთხოების აღთქმა დაუდო. მეფემ პირობა არ შეასრულა და მასთან მისული ერისთავი შვილებთან ერთად სასტიკად დასაჯა. ამ ფაქტის შემდეგ შეძრწუნებული ი. სინანულის ნიშნად („სინანულს მიეცა") კათოლიკოსობიდან გადადგა.
ი. იბრძოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მას სარწმუნოებრივ ნიადაგზე უთანხმოება ჰქონდა იმერეთში მყოფ იტალიელ კათოლიკე მისიონერებთან.
ი-ის სახელს უკავშირდება გელათის მონასტრის გალავნის აშენება. მისი დაკვეთითა და მონაწილეობით გელათში 1772 ბერმონაზონმა ზაქარია გაბაშვილმა დაასრულა იოანე ოქროპირის „საღმრთო ჟამის წირვის" გადაწერა, რ-იც გელათს შესწირა. ასევე 1776 გელათს შესწირა „სჯულის კანონი", რ-შიც შეტანილია რუის-ურბნისის საეკლ. კრების (1104) „ძეგლისწერა". მძიმე სენით შეპყრობილი ი. ქუთაისში გარდაიცვალა. დაკრძალეს გელათში.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», თბ., 1954, ნაკვ. 31; რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი მ., იმერეთის სამეფო 1462–1810, თბ., 1989; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
თ. მარგველაშვილი