ინასარიძე კარლო

ინასარიძე კარლო (15. XI. 1919, სოფ. კუშუბაური, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 24. VII. 2007, დაკრძალულია ლევილში, საფრანგეთი), მწე­რა­ლი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე.

თბილ. კინომსახიობთა სტუდიაში სწავლის პერიოდში გაიწვიეს II მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა. ­ქართვ. ემი­გრან­ტე­ბის დახმარებით „ქართული ლეგიონის" საქმიანობაში ჩაერთო. ომის შემდეგ გერმანიაში შეისწავლა იურისპრუდენცია, ფილოსოფია, კინოსა და თეატრის ისტორია. მისი სადოქ­ტორო დისერტაცია იურისპრუდენციაში მიეძღვნა რუსეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ ასპექტებს. ი. იყო ნ. ჟორდანიას პოლიტ. თანამოაზრე, ემიგრაციაში მოქმედი სა­ქართვე­ლოს სოც.-დემოკრ. პარტიის წევრი. პარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: „მებრძოლი სა­ქარ­თვე­ლო" და „ჩვენი დროშა". იგი ასევე თანამშრომლობდა ვ. ნოზაძის ჟურნ. „კავკასიონთან". დიდი წვლი­ლი მიუძღვის ჟურნ. „თანამემამულის" დაარსებაში.

ი. იყო რადიო „თავისუფლების" ქართული რედ. დირექტორი. მოღვაწეობდა „ოთარ კეთილაძის" და „დავით თაბორიძის" ფსევდონიმებით. მან თავი მოუყარა ­ქართვ. ემიგ­რან­ტე­ბის – გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, რ. არსენიძის, ვ. ნოზაძის და სხვათა ხმების ფონო­გრამებს; სა­ქარ­თველო­ში გამოგზავნა უცხოეთში გამოცემული არაერთი ქართ. წიგნი და ჟურნ.-გაზეთი; შ. და გ. მაღლაკელიძეების, კ. ვეკუას, ი. და ა. ნიკურაძეების არქივები, რ-ებიც ინახება სა­ქართვ. სხვა­და­სხვა ინ-ტსა და მუზეუმში. მას მნიშვ­ნე­ლოვა­ნი წვლი­ლი მიუძღვის სა­ქართვ. პირველი დემოკრ. რესპ. მთავრობის არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. ი-ს სა­ქართვ. და ­ქართვ. ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქველმოქმედებისა და საეკლ. მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლი­ლისთვის მი­ე­ნი­ჭა სა­ქართვ. საპატიო მოქალაქის წოდება (1996).

თხზ.: ხელოვნების მეშვიდე სამყარო. ფილმის არსი, სტილი და კანონზომიერება, მიუნხენი, 1953; რადიომეტყველება, მიუნხენი, 1971; ფილმისმეტყველება, მიუნხენი, 1975; გრიგოლ რობაქიძე (ცხოვრება და შემოქმედება), მიუნხენი, 1981; ივერიონი (დაარსების 1000 წლისთავი), მიუნხენი, 1981; პატარა „ოქროს ხანა (სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918–1921 წწ."), მიუნხენი, 1984.

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე  გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბ., 1990; ტ. 3, თბ., 1993.

გ. შარაძე