ინასარიძე შალვა ტროფიმეს ძე (17. IX. 1900, თელავი, – 20. III.1978, ბათუმი), რეჟისორი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1943).
1924–25 სწავლობდა ბათუმის თეატრ. სტუდიაში. სტუდიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისისა და ჭიათურის თეატრებში. 1930–37 იყო მოსკ. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ინ-ტის სტუდენტი. 1937, სარეჟისორო ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ბათუმის მუშა ახალგაზრდობის თეატრში მთ. რეჟისორად. 1937 წ. 18 მარტს დაარსდა ბათუმის სახელმწ. პროფ. თეატრი, სადაც ი. გარდაცვალებამდე მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად. რამდენჯერმე იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ი. ეწეოდა როგორც შემოქმედებით, ასევე პედ. მოღვაწეობას, მისი აღზრდილია ბათუმის თეატრის მსახიობთა არაერთი თაობა. ი-მ სხვადასხვა დროს დადგა სპექტაკლები: გ. მდივნის „ალკაზარი", შ. დადიანის „გუშინდელნი", ა. ოსტროვსკის „უმზითვო", უ. შექსპირის „ჰამლეტი" და სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი" (ორივე ა. ჩხარტიშვილთან ერთად). ა. შტეინის „პერსონალური საქმე" 1957 წარმოადგინეს აჭარის ლიტ-რისა და ხელოვნების დეკადაზე თბილისში.
ი. ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ხულოს თეატრის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.