ინასარიძე ხვედრი ნიკოლოზის ძე (დ. 6. XII. 1932, პარიზი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. აკადემიკოსი (2001; წ.-კორ. 1989). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1987).
დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1958). ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – წამყვან მეცნიერ თანამშრომლად (1986–89). 1989-იდან ინ-ტის ალგებრის განყ-ბის გამგეა. 1990–97 იყო საქართვ. მათ. ეროვნ. კომიტეტის პრეზიდენტი, 2006-იდან – თბილისის მათ. მეცნიერების ცენტრის ხელმძღვანელი.
პედ. მოღვაწეობას ეწევა საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (1966–2012 – თსუ, 1995–2003 – თსუ-ის მესხეთის ფილიალი, 2015-იდან – სტუ).
სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური ალგებრა, ასოციაციური რგოლების K-თეორია, არაკომუტატური გეომეტრია, ჰომოლოგიის თეორიები, ალგებრული ტოპოლოგია, კატეგორიათა თეორია.
ი. არის რამდენიმე საერთაშ. მათ. კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე; რამდენიმე საერთაშ. მათ. ჟურნალის დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი: „Homology, Homotopy and Applications" (1998–2006), „Journal of Homotopy and Related Structures"(2006-იდან), „Tbilisi Mathematical Journal" (2008-იდან); საერთაშ. მათ. ჟურნალის „Georgian Mathematical Journal" რედკოლეგიის წევრი (2006-იდან).
მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. პრემია (1998), ირანის მეცნ. და ტექნოლოგიის ხორეზმის სახ. საერთაშ. პირველი პრემია (1999).
თხზ.: Homotopy of pseudosimplicial groups, nonabelian derived functors and algeb - raic K-theory, «Математический сборник», 1975, т. 98, N3; Higher nonabelian cohomology of groups, «Glasgow Math. Journal», 2002, vol. 44 (თანაავტ.: T. Kandelaki and R. Meyer); Localisation and colocalisation of triangulated categories at thick subcategories, «Mathematica Scandinavica», 2012, vol. 110.