ინანიშვილი რევაზ კონსტანტინეს ძე (20. XII. 1926, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 26. XII. 1991, თბილისი), მწერალი. შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1977).
1943–45 მუშაობდა 31-ე ქარხანაში. 1947 ჩაირიცხა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე, რ-იც დაამთავრა 1956 (1949–51 სწავლა შეწყვიტა ოჯახური მდგომარეობის გამო). 1960–66 მუშაობდა გამომც. „ნაკადულში", 1966-იდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის" სასცენარო განყ-ბაში, 1985–88 – მწერალთა კავშირის მდივნად, 1989-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნ. „დილის" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა „სახსოვარი" გამოაქვეყნა 1950, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები" – 1953. მოთხრობების ძირითადი კრებულებია: „მეგობრისადმი მინაწერი წერილებიდან" (1958), „წვეთები ფოთლებზე" (1962), „ცისფერი გორგალი" (1968), „საღამო ხანის ჩანაწერები" (1971), „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა"(1974), „ჩიტების გამომზამთრებელი" (1978) და სხვ.; საბავშვო კრებულები: „ბედნიერი მთა"(1960), „ბიბო" (1964), „სად ცხოვრობს მეზღაპრე" (1970), „მგლის ლეკვები" (1973), „შორი თეთრი მწვერვალი" (1976; რუსთაველის სახ. პრემია, 1977) და სხვ.
ი. თითქოს უმნიშვნელო, სხვისთვის შეუმჩნეველ ამბებსა და ადამიანურ თვისებებზე მოგვითხრობს. მისი მოთხრობების გმირებიც, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანები არიან, მაგრამ მწერალი გვარწმუნებს, რომ სამყაროს სწორედ ასეთი ადამიანები გადაარჩენენ. ანანურელი ულამაზო („ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები"), ქვეყნის ამომგდები იოსება („უშიშარი ბიჭი იოსება"), მეოცნებე გოგონა, რ-იც თვალდახუჭული მეტს ხედავდა, ვიდრე თვალხილული „"გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა"), იმ სიკეთესა და სილამაზეს აფრქვევენ, რ-ის გარეშეც ყოველდღიურობა აუტანელი გახდებოდა.
ა. ბაქრაძემ ი-ის მოთხრობებს „სულის პური" უწოდა. მის მოთხრობებს კიდევ ერთი მთავარი გმირი ჰყავს – ქართული სიტყვა, ლაღი და ტევადი, მოქნილი და ყოვლისშემძლე; მოთხრობები ფრაზის სისადავითა და სიზუსტით გამოირჩევა. ი-ის შემოქმედების არსებითი თავისებურებებია ადამიანისადმი სათუთი სიყვარული და პატივისცემა, თხრობის ლირიზმი, სახეთა და ხასიათების ოსტატური ხატვა.
ი-ის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „არდადეგები", „დაბრუნებული ღიმილი", „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" (თანაავტ. ნ. მჭედლიძე), „ფერმა მთაში", „ზაფხული სოფლად" („პასტორალი", თანაავტ. ო. იოსელიანი), „ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის მიხედვით, თანაავტ. თ. აბულაძე), „ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტ. გ. შენგელაია). მწერლის მოთხრობები თარგმნილია უცხო ენებზე. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თხზ.: მთვარის ასული, თბ., 1987; მომღერალი სახლი, თბ., 2006; კრებული, სერიიდან „ქართული პროზის საგანძური", თბ., 2010; ნაწარმოები 6 ტომად, სერიიდან "ჩემი რჩეული", თბ., 2012.
ი. აბაშიძე
მ. თუშიშვილი