იმნაიშვილი ვახტანგ ივანეს ძე (22. IX. 1939, ლანჩხუთი, – 24. I. 2017, თბილისი), ენათმეცნიერი, ტექსტოლოგი, ქართველოლოგიის ისტორიის მკვლევარი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1979).
1966 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1968-იდან ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე. 2006-იდან იყო თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ქართ. ფილოლ. მიმართულების ასოცირებული პროფესორი; ამავე წლიდან – საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ქართ. სალიტ. ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი.
ი-ის კვლევის სფერო იყო ძვ. და ახ. ქართული ენა, უცხოეთის სამეცნ. ცენტრებში დაცული უძველესი ქართ. ხელნაწერებისა და გამოჩენილ ქართვ. საზ. მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ამ მიზნით შეისწავლა ავსტრიაში, გრაცის უნ-ტისა და ვენის ნაციონალური ბ-კების ძველი ქართ. ხელნაწერები და ავსტრ. მეცნიერის, ჰუგო შუხარდტის არქივის ქართული მასალები. გრაცში დამუშავებული მასალები (2000) საფუძვლად დაედო ნაშრომს „უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში" (2004), რ-საც იმავე წელს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახ. საუნივერსიტეტო პრემია. ნაშრომს „ზმნა ძველ ქართულში" (ტ. 1–2, მაინის ფრანკფურტი, 1996) 1999 მიეკუთვნა ა. შანიძის სახ. პრემია. შვეიცარიაში იოლანდა მარშევთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ვრცელი „გერმანულ-ქართული ლექსიკონი", რ-იც გერმანიაში დაიბეჭდა (1999).
ი-ის შრომები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ (ავსტრია, ნიდერლანდი, გერმანია, ბელგია); კითხულობდა ლექციებს ქართ. ენისა და ლიტ-რის შესახებ ვენის, მაინის ფრანკფურტის, ბერნისა და სხვ. უნ-ტებში. 1997–2006 ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტში კითხულობდა ქართ. ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის კურსს.
თხზ.: ათანასი ალექსანდრიელი, „ცხორებაჲ წმიდისა ანტონისი" (ტექსტი, გამოკვლევა, ლექსიკონი), თბ., 1970; „მამათა ცხოვრებანი" (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა), თბ., 1975; სინას მთიდან გრაცამდის (გრაცის ქართული ხელნაწერების ისტორია), თბ., 2001; „არდავიწყება მოყვრისა..." (ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობიდან), თბ., 2006.