იმნაიშვილი თამაზ ზურაბის ძე (დ. 28. VII. 1954, თბილისი), სპორტსმენი, სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). სპორტის დამს. ოსტატი (1981).
დაამთავრა თბილისის ფიზ. კულტურის სახელმწ. ინ-ტი (1975), თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1987). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1988).
მსოფლიო ჩემპიონი (1981) და მესამე პრიზიორი (1979–80) პირად შეჯიბრებაში, მეორე (1983, 1990) და მესამე (1979, 1981, 1986) პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში. ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981) პირად შეჯიბრებაში და ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977–78, 1980– 81, 1984–85, 1987). მსოფლიო თასის მფლობელი (1990), სსრკ ჩემპიონი (1986). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ახალგაზრდებში (1973–74). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი, საერთაშ. კატეგორიის მსაჯი. საქართვ. სპორტის დეპარტამენტის ინსტრუქტორი (1980–91), საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004), საქართვ. სროლის სახეობათა ეროვნ. ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი (1992).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.