იზაბელა (Isabel)(22. IV. 1451 – 26. XI. 1504), კასტილიისა (1474-იდან) და გაერთიანებული ესპანეთის დედოფალი 1479-იდან. გაატარა რიგი რეფორმები, რ-თა შედეგადაც შექმნა ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა. 1492 ესპანეთიდან საბოლოოდ განდევნა არაბები.
ი. ხელმძღვანელობდა ინტენსიურ დიპლ. ურთიერთობებს. მისი მმართველობის დროს საქართველოს ურთიერთობა ჰქონდა ესპანეთთან. ეგვიპტეში საქართველოს დიპლ. მისიის (1493–94) ხელმძღვანელი ნილოსი იერუსალიმში შეხვდა ესპ. ელჩებს, რ-ებისგანაც ქართველებმა ი-ს მიერ არაბთა დამარცხების ამბავი შეიტყვეს. მოლაპარაკების შემდეგ ესპ. ელჩები თბილისში ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს ეწვივნენ. გადაწყდა ესპანეთში დიპლ. მისიის გაგზავნა. ესპ. სამეფო კარზე ქართვ. დიპლომატები 1495 წარსდგნენ. მათ ი-ს კონსტანტინე II-ის წერილიც გადასცეს, სადაც იგი დედოფალს სწერდა: „გევედრებით დაუყოვნებლივ პირდაპირ კონსტანტინეპოლზე გამოილაშქროთ და… მეც პირადად შვილებითურთ და მთელი ლაშქრით,… შენთან ერთად საბრძოლველად წამოსასვლელად მზად ვიქნები. ხოლო სიყვარულის ნიშნად ამ მცირე ძღვენს გაახლებთ: იეზდის 19 ოქროქსოვილს, 40 მისხალს ობოლ მარგალიტს და 17 ვეფხვის ტყავს". ამ ელჩობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV ს. მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყაროების მიხედვით), თბ., 1981; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე ე., ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის შესახებ, «ცისკარი», 1986, №3; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
ლ. მანიავა