იაშვილი ირინე ლუარსაბის ასული (დ. 5. XI. 1942, თბილისი), მევიოლინე, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1970). ლ. ს. იაშვილის შვილი და მოწაფე.
1959 დაამთავრა თბილ. „ნიჭიერთა ათწლედის" სავიოლინო განყ-ბა, 1964 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ორივე ლ. იაშვილის ხელმძღვანელობით), შემდეგ – მოსკ. კონსერვატორიის ასპირანტურა (დ. ოისტრახის ხელმძღვანელობით). 1959–64 თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის ვიოლინოების ჯგუფის კონცერტმაისტერი იყო, 1966–73 – საქართვ. სახელმწ. კამერული ორკესტრის (ხელმძღვ. მ. ლ. იაშვილი და ი. პოლიტკოვსკი) სოლისტი, 1964–93 – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1992-იდან პროფ.), 1994–2012 – ქ. ნოვი-სადში (იუგოსლავია, სერბეთი) ხელოვნების აკად. პროფესორი, 2012-იდან – ქ. ადანაში (თურქეთი) კონსერვატორიის პროფესორი. მუშაობს ქალიშვილთან, მ. დუგლაძესთან ერთად.
XX ს. 60-იანი წლებიდან საქართველოსა და უცხოეთში (ჰოლანდია, გერმანია) გამოდიოდა როგორც სოლო კონცერტებით, ასევე დებთან – მ. და ნ. იაშვილებთან ერთად.
ი-ის შემოქმედება გამოირჩევა მაღალი რანგის საშემსრულებლო ტექნიკით (სრულყოფილი, დახვეწილი ბგერა, სტილის შეგრძნება).
მ. ჯაფარიძე